გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი: “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საქართველოს ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნება შეძლო

26-10-2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის საგარეო პოლიტიკის მიმართულების წარდგენისას, დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ხელისუფლების მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე ისაუბრა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდს ხელისუფლებაში მოსვლისას დახვდა ქვეყანა, რომლის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა იყო შელახული, ტერიტორიების 20% იყო ოკუპირებული და “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვითარების დეესკალაციის და ოკუპაციის ხაზს მიღმა მცხოვრები თანამემამულეების შერიგების მიმართულებით.

მისი თქმით, პარტიის სწორი პოლიტიკით, შესაძლებელი გახდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითის მაღალ საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნება.

„ჩვენ დღეს, როგორც არასდროს, ისე ვართ წარმოდგენილი ყველა უმაღლესი დონის ფორმატში, ჩვენ ამას მივაღწიეთ თანმიმდევრული ნაბიჯებით და სწორი საგარეო პოლიტიკით. დღეს მაქსიმალურად არის გამოყენებული ყველა საერთაშორისო ფორმატი საქართველოს საკითხის განსახილველად“ - განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ისაუბრა იმ ახალ მექანიზმებზე, რაც სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მუშაობის შედეგად დამკვიდრდა. მათ შორის პირველად იქნა გამოყენებული ევროპის საბჭოს ფორმატი და 2014 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებებს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში.

“ასევე, მაქსიმალურად გამოიყენება გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატი, მაშინ როდესაც 2008-2012 წლებში არც ერთხელ აღნიშნული ტრიბუნა არ იქნა გამოყენებული საქართველოს ოკუპაციის განსახილველად. მხოლოდ წელს პარტნიორების დახმარებით, გაეროს უშიშროების საბჭოზე სამჯერ იყო ინიცირებული დებატები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც რუსეთის ფედერაცია ყველანაირად ცდილობს დაბლოკოს საქართველოსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ ამას ვახერხებთ“ - აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, 2005 წლის შემდეგ 2012 წლამდე ვერც ერთხელ ვერ იქნა მიღებული ეუთოს ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც 2014 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, ეუთოს ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან არსებული ძალიან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ყოველწლიურად, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ფარგლებში, საქართველოზე გადაწყვეტილებების მიღება.

მინისტრმა ასევე ისაუბრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ყოველწლიურ რეზოლუციაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ და აღნიშნა, რომ რეზოლუციამ ბოლო ორი წელი ახალი განზომილება შეიძინა და გასულ წელს 45 პარტნიორი ქვეყანა, წელს კი 54 ქვეყანა გახდა დოკუმენტის თანაავტორი. ეს კი ხაზს უსვამს პარტნიორების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.

დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აღმოჩენილ უპრეცედენტო შინაარსის ქმედით დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„აშშ-ს დღის წესრიგში მუდმივად არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. უპრეცედენტო -„საქართველოს ხარდამჭერი აქტი“, რომელიც აშშ-მ მიიღო და რომელიც არის ყოვლისმომცველი, პირდაპირ საუბრობს სანქციებზე იმ ქვეყნებთან მიმართებაში, ვინც შეეცდება რაიმე სახის ურთიერთობების დამყარებას აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან. ასევე, პირველად 2017 წელს, აშშ-ს კონსოლიდირებულ საბიუჯეტო აქტში გაჩნდა ჩანაწერი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით“ - განაცხადა მან.

კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ არაღიარების პოლიტიკა სამომავლო პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს უკვე აქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი ამ მიმართულებით და “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ორმა ქვეყანამ - ვანუატუმ და ტუვალუმ, უკან წაიღო ე.წ. აღიარება.

„ეს პროცესი არ გაჩერდება. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ საქმეს, რომ რუსეთი დარჩეს ამ პროცესში მარტო. მაგრამ რუსეთმაც აუცილებლად უკან უნდა წაიღოს აღიარება, სხვა გზა ურთიერთობის მოწესრიგების არ არსებობს. ეს გზა გადის წითელ ხაზზე - დეოკუპაციაზე. მხლოდ დეოკუპაციის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ, შეიძლება ვისაუბროთ ურთიერთობების მოწესრიგებაზე. თუმცა ჩვენ თანმიმდევრულად ვიმუშავებთ ხალხთა შორის ურთიერთობების, ტურიზმის აღდგენის, სხვა ჰუმანიტარული განზომილების მიმართულებით“ - განაცხადა ზალკალიანმა.

მანვე დასძინა, რომ პარტიის სამომავლო პროგრამაში აუცილებლად იქნება საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის და კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, რათა საქართველოს საკითხი ყველა სტრატეგიული და საერთაშორისო პარტნიორის რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში მუდმივად იდგას.

მინისტრი ასევე შეეხო ჟენევის მოლაპარაკების პროცესს და ხაზი გაუსვა, რომ ჟენევა ერთადერთი ფორმატია, სადაც ყველა საერთაშორისო აქტორის ჩართულობით, რუსეთთან საუბარია დეოკუპაციასა და მწვავე პრობლემებზე.

„საქართველოს თანმიმდევრულია, ჩვენ აღებული გვაქვს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება და იგივეს ვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორსო უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნებას, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციას. ეს აუცილებლად გაგრძელდება მომავალში და პროგრამის ძირითადი მიმართულება იქნება“ - განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930