27-10-2020
პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, მკლავჭიდის ფედერაციაში „ზონდერ ბრიგადა ჩამოყალიბდა, რომელიც სპორტსმენებს ატერორებს“
„მე ახლა, დღეიდან, ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ წევრი აღარ ვარ. იმ „ზონდერბრიგადის“ წევრი მე ვერასოდეს ვერ ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. ეს „რეჟიმი“ უნდა წავიდეს! ეს რეჟიმია აბა რა არის?!“
- ამბობს სოსო ჯაჭვლიანი.
ფედერაციის თავჯდომარე 17 ოქტომბერს გამართულ გამგეობის სხდომაზე ალაპარაკდა, სადაც სოსო ჯაჭვლიანის გადადგომის მოთხოვნით მწვრთნელებისა და სპორტსმენების ნაწილი სხდომაზე შევიდა და წლით სავსე ბოთლები ესროლა. სპორტსმენები სოსო ჯაჭვლიანს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებდნენ.
„ამათ რა უნდოდათ, რა გააკეთეს, გველური ჩანაფიქრი: გამგეობის კრება მოაწყვეს ისე, რომ უფლება არ ჰქონდათ და ჩემი გადაყენება უნდოდათ, მაგრამ ვერ გადამაყენეს. რომ გადავეყენებინე, საზოგადოება იტყოდა ასე: „სოსოს ეტყობა იქ ისეთი დარღვევები და უბედურება ჰქონდა, რომ ახლა გვერდზე გაწიეს, მაგრამ არ გაწირეს ბოლომდეო. მე განეიტრალებული ვიქნებოდი. ჩვენი ოპოზიცია იტყოდა: „სოსო „ოცნებისტი“ იყავი?! იოცნებე, ნახე, რა გიქნეს შენიანებმა“. მაგრამ ესეც, რომ ვერ გააკეთეს, ამ მეთოდებით დამიწყეს ბრძოლა, რაც ნახეთ“, - ამბობს სოსო ჯაჭვლიანი.
ყოფილი დეპუტატის თქმით, ამ პრობლემის თობაზე ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ ფედერაციის საქმეებში ვერ ჩავერევითო.
„ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ რეჟიმია. ეტყობა, უნდათ, რომ ეს ზონდერ ბრიგადა, რომელიც შემომივარდა, გამოიყენონ ხალხის დასაშინებლად. ისინი მთელ ჩვენს სპორტსმენებს ატერორებენ. გადაწყვეტილი აქვთ, რომ მოაწყონ სამინისტროსთან მიტინგი, რომ სოსო ჯაჭვლიანი წავიდეს ფედერაციიდან. ვაცხადებ, რომ არანაირი დანაშაული არ მაქვს, ყველაფერი სახეზეა“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.
მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი კახა კალაძის ცოლის ძმას, გიორგი არეშიძეს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს. ჯაჭვლიანის თქმით, არეშიძეს მას ფედერაციიდან წასვლას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შავი პიარის აგორებით ემუქრებოდა.
როგორც ჯაჭვლიანი აცხადებს, მის ცოლს უცნობი პირები დახვდნენ და დაემუქრნენ, თუმცა ამ ფაქტით სამართალდამცველები არ დაინტერესებულან. მისი ვარაუდით, ამ საქმის უკან კახა კალაძე დგას.