გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„მთავარ არხს“ სიცრუის გავრცელლებაში ადანაშაულებენ

27-10-2020

“ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში მორიგი სიცრუე გავრცელდა – სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ მთავარ არხს დაუკავშირდა მოქალაქე, რომლის თქმითაც მის სახლში მისთვის უცნობი 43 ადამიანი იყო მიწერილი და მათი უმეტესობა იყო გარდაცვლილი” – ამის სესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სააგენტომ გადაამოწმა ინფორმაცია და დადგინდა, რომ სიუჟეტში ნახსენები 43 პირიდან არცერთი არაა რეგისტრირებული ერთი რომელიმე კონკრეტული მოქალაქის არსებულ საკუთრებაში. ყველა მათგანი რეგისტრირებულნი არიან დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში და მათ უმრავლესობას ეს მისამართი აქვს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან.

გარდა ამისა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში არცერთი მათგანის გარდაცვალების შესახებ ცნობა არ ფიქსირდება და ყველას აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი აქტიური დოკუმენტი.

ასევე ცნობილია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, იუსტიციის სამინისტროში კომპლექსური ღონისძიებები ტარდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწის მიზნით. მათ შორის, სააგენტომ ამავე წლიდან დაიწყო პროექტი „საარჩევნო სიების სრულყოფა“.
მას შემდეგ საარჩევნო სიების სრულყოფისთვის სააგენტომ მუშაობა მრავალი მიმართულებით წარმართა. მაგალითად:

• 2013-2020 წლებში საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საარჩევნო სიიდან 10 500-ზე მეტი გარდაცვლილი პირის მონაცემია ამოღებული;

• 2014-2016 წლებში პოტენციურ ამომრჩეველთა ფოტოსურათებისა და პერსონალური მონაცემების შედარების შედეგად, იდენტიფიცირებულ იქნა და გაუქმდა 7 700-ზე მეტი გაორებული მონაცემი ან/და გაყალბებული დოკუმენტი;

• 2015–2020 წლებში, მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე და უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერების აღდგენის მიმართულებით განხორციელდა კარდაკარ სამუშაოები და ბიომეტრიული მონაცემების აღება მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე მოხდა. შედეგად, აღდგენილია 3 500-ზე მეტი ჩანაწერი.
უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში 2 861 179 მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, აქედან – 1 742 304 დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

დღეისათვის, პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3 200 063 მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის ამომრჩევლის მონაცემი დაზუსტებულია. 2012 წელს კი ამომრჩეველთა სიაში ასეთი მონაცემი მხოლოდ 778 207 იყო.

სწორედ ამ გრძელვადიანი და თანმიმდევრული სამუშაოების შედეგია ის, რომ დღეისათვის ამომრჩეველთა სია არის ბიომეტრიული და მაქსიმალურად დახვეწილი, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს პრინციპს – „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში, წინა წლების მსგავსად, კვლავ დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა“ - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930