გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფოთში საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

28-10-2020

ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის გახსნის ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ეკუთვნის. ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი, პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მაღალი დონის სასწავლებელია, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს. სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას მოემსახურება და უახლოეს მომავალში საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზრებს მოთხოვნადი სპეციალისტებით მოამარაგებს, უზრუნველყოფს რეგიონის ლოგისტიკური ცენტრებისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდებას.

თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი ფოთის ფილიალი 1000 სტუდენტზეა გათვლილი. ცენტრში თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 10 ლაბორატორია მოეწყო. სასწავლებელში 250-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა სრული უმრავლესობა ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. ცენტრს დღეს უკვე ჰყავს 21 თანამშრომელი.

"საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლიდან მიიღებს სტუდენტებს, მიმდინარე წელს კი, მსურველები შეძლებენ მოკლევადიან სასწავლო კურსების გავლას.

ცენტრს გააჩნია მეზღვაურთა მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობები, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს.

მნიშვნელოვანია, რომ სასწავლებლის შესაძლებლობებისა და ფუნქციური დანიშნულების შესახებ კომუნიკაცია შედგა საზღვაო ინდუსტრიის ყველა სეგმენტთან, რამაც საპასუხოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. სასწავლებელს 17 დონორი ჰყავს, რაც ნათლად მეტყველებს, რომ დარგის მოთხოვნებსა და გამოწვევებს ფოთის ფილიალი სათანადოდ პასუხობს.
ბევრი კომპანია როგორც სანავსადგურე სექტორიდან, ასევე მეთევზე-ლიცენზიანტები, ლოცმანები და სხვები უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას სასწავლებლის აღჭურვის პროცესში. სასწავლებლის უმსხვილესი დონორები „APM ტერმინალს ფოთი“, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი BICT, „Channel Energy (Poti) Limited Georgia“ და მეთევზე-ლიცენზიანტები არიან.

მეთევზე-მეზღვაურთა ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე მეთევზის სიმულატორით, რომელიც ყველა კომპეტენციის შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობას იძლევა. სასწავლებელი მოამზადებს კვალიფიციურ მეთევზე მეზღვაურებს, რომლებიც თანამედროვე თევზსაჭერ გემებზე შეძლებენ დასაქმებას. აღსანიშნია, რომ სიმულატორის შეძენა მეთევზე-ლიცენზიანტებმა დააფინანსეს.

კომპანია “APM ტერმინალსის” მხარდაჭერით სასწავლებელს ექნება ამწის სიმულატორი, რომლის ანალოგი დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს. ცენტრი მოამზადებს ამწის მაღალკვალიფიციურ ოპერატორებს, რაც ერთ-ერთი მოთხოვნადი სპეციალობაა პორტებში.

ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის პარტნიორი და მხარდამჭერია „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამა, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის შესაბამისი სამინისტროები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სახელით.

საზღვაო სასწავლებლისათვის გამოყოფილი ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა ფაქტობრივად დანგრევის პირას იყო. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, გასული წლის დეკემბერში, ბათუმის საზღვაო აკადემიიაში სტუმრობისას აღნიშნა, რომ ერთ წელიწადში ყველაფერი გაკეთდებოდა სარემონტო სამუშაოების დასრულებისთვის - შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მაქსიმალურად დაუბრუნდა პირვანდელი სახე " - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ცენტრის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასწავლებლის დონორები და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930