28-10-2020
„დასავლური სტანდარტების ფარგლებში, ყველა პოლიტიკურ ძალას ჰყავს მასთან აფილირებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია“.-განაცხადა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ, რითაც იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გარკვეული არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ოპოზიციურ პარტიებთან არიან კავშირში.
„შეიძლება ითქვას, რომ დასავლური სტანდარტების ფარგლებში, ყველა პოლიტიკურ ძალას ჰყავს მასთან აფილირებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. მაგალითად, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი აფილირებულია აშშ-ის დემოკრატიულ პარტიასთან, ხოლო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიასთან. იგივე შეიძლება ითქვას გერმანიის შესახებ, სადაც „ადენაუერის ფონდი“ თანამშრომლობს გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიულ, ხოლო „ებერტის ფონდი“ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან.
შესაბამისად, შესაძლებელია, საქართველოშიც ფუნქციონირებენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან კავშირი გააჩნიათ, თუმცა, ამავე დროს შეიძლება იმის აღნიშვნაც, რომ არსებობენ სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაახლოებულები“- განაცხადა ჩიტაძემ.
მისი თქმით,გადამწყვეტი როლი ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაეკისრება.
„არჩევნების დასრულების შემდეგ შესაძლებელია რომ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციები არჩევნების ჩატარებასთან, წინასაარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ერთმანეთისაგან განსხვავდებოდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძოდ კი ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანზიაციის (ეუთო) ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისს დაეკისროს, ხოლო მის მიერ არჩევნებზე მივლინებული მისიის წარმომადგენელთა განცხადებები და დასკვნები გასათვალისწინებელი უნდა იყოს, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების მიერ.
საერთო ჯამში კი, სადამკვირვებლო ორგანიზაციების სიმრავლე უნდა იყოს იმის გარანტი, რომ ვერავინ შეძლოს არჩევნების გაყალბება, ხოლო არჩევნების შედეგები უნდა გამოხატავდეს ქართველი ამომრჩევლის - საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს" - განაცხადა ჩიტაძემ.