28-10-2020
ჩვენ დღეს ყველანი კარგად ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ძალიან კარგი სასტარტო პირობები გვაქვს. ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც აფასებენ, ხედავენ და ჩვენ შეგვიძლია, უახლოესი 4 წლის განმავლობაში რეგიონში გვქონდეს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ეს ჩვენი მიზანია, ეს ჩვენი მომავალია. რაც უფრო კარგად, ზუსტად, ზედმიწევნით შევასრულებთ იმ მოთხოვნებს, რომელსაც ეპიდემიოლოგები და დღევანდელი გამოწვევა გვიყენებენ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ ის იძულებითი მდგოამრეობა, რომელშიც დღეს ვართ, დროებითია და ჩვენ ყველამ ერთად უახლოეს პერიოდში უნდა დავიწყოთ ქვეყნის აღდგენაზე, აღმშენებლობაზე მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამგორის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სოზარ სუბარის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს წესების დაცვა არის პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე და გარდა იმისა, რომ უნდა გავუმკლავდეთ ვირუსს და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, უნდა გადავარჩინოთ თითოეული სამუშაო ადგილი.
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, თქვენთან ერთად ქვეყნის და თბილისის მომავალზე საუბარი. ნათელია და ყველა კარგად ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი დედაქალაქი - თბილისი ვითარდება. თბილისი აშკარად ვითარდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისი ხდება საცხოვრებლად კომფორტული ქალაქი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, თბილისელები დღეს გრძნობენ ზრუნვას. მათზე ზრუნავს მთავრობა და რა თქმა უნდა, მერია. მე ამ ზრუნვისთვის და არა მხოლოდ აშენებული სკვერებისთვის, შენობებისთვის და კიდევ ბევრი სხვა რამისთვის, მინდა ბატონ მერს მადლობა ვუთხრა, რადგან ეს ზრუნვა არის ყველაზე დიდი დამახასიათებელი, რაც ჩვენ განგვასხვავებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან. ყველანი ვხედავთ, რომ უჩვეულო გარემოში ვატარებთ საარჩევნო კამპანიას - პირბადეებით. ვცდილობთ, ერთმანეთთან დისტანცია დავიცვათ, მაგრამ ესეც ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი მეზობლების, ნათესავების, განსაკუთრებით ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების წინაშე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ მთავარი პასუხისმგებლობა არის ჩვენი მომავლის წინაშე, რადგან ჩვენ, გარდა იმისა, რომ უნდა გავუმკლავდეთ ვირუსს და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, უნდა გადავარჩინოთ თითოეული სამუშაო ადგილი, უნდა ვიყუროთ წინ და ვიცოდეთ, რომ მას შემდგომ, რაც გლობალური პანდემიის შედეგად გლობალური ეკონომიკური კონკურენცია აბსოლუტურად შეიცვლება, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს კიდევ უფრო წარმატებული ქვეყანა,“- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ გამოწვევებით სავსე ერთი წლის განმავლობაში არც ერთი დღით, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არც თბილისში და არც ქვეყნის მასშტაბით არ გაჩერებულა და არც გაჩერდება.
მისივე თქმით, საქართველო 2024 წელს გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და ქვეყანა როგორც ინსტიტუციონალურად, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ამისთვის მზად უნდა იყოს.
„მინდა გითხრათ, რომ ამ გამოწვევებით სავსე ერთი წლის განმავლობაში არც ერთი დღით, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არც თბილისში და არც ქვეყნის მასშტაბით არ გაჩერებულა და არც გაჩერდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშენებლობები გზების, უნივერსიტეტების, სტადიონების, ეს ჩვენი ვალდებულებაა ჩვენი მომავალი თაობის წინაშე. მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ის გარემო, ბიზნეს-გარემო, სამართლიანობის შეგრძნება, საკუთრების უფლების დაცვა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გახდეს ბიზნესის კეთების კიდევ უფრო კომფორტული ადგილი, იმისთვის, რომ ყველა იმ ქართველს, ვისაც აქვს შესაძლებლობა და სურვილი რომ დაიწყოს თავისი საქმე სახელმწიფო უნდა დაუდგეს გვერდით, დაუდგება გვერდით. ეს არის ძალზედ რთული ნაბიჯი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, აიღო შენს თავზე პასუხისმგებლობა აბსოლუტურად გაურკვევლობით სავსე გარემოში, აიღო რისკები, გადადგა ნაბიჯი და დაიწყო ბიზნესი. ზოგიერთები ჩვენ გვაკრიტიკებდნენ „აწარმოე საქართველოსა“ თუ სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, თვლიდნენ, რომ ეს ზედმეტია. ეს არის პირდაპირი დახმარება ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, მივცეთ მათ შესაძლებლობა თვითრეალიზების, აიღონ პასუხისმგებლობა თავის თავზე, თავიანთ ოჯახზე და ღირსეულად არჩინონ ოჯახები. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ პროგრამებით ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მიუხედავად იმისა, რომ წლებია, სისტემურად ვახორციელებთ ინვესტიციებს ქვეყნის ინფრასტრუქტურაში, ჩვენ კიდევ ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი. გასაკეთებელი გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ევროპულ დონეზე გზები, სკოლები, ბაღები, წყალმომარაგება, წყალგაყვანილობა, ეს ყველაფერი აუცილებელია, რომ ქვეყანა დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და ამის გეგმა გვაქვს უახლოეს 4 წელიწადში. ამას როდესაც ვამბობთ, ეს აბსოლუტურად გააზრებულია და არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენ ზუსტად ახლა განვაცხადეთ, რომ საქართველო 2024 წელს გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ გვესმის ეს პასუხისმგებლობა, ვიცით, რომ ქვეყანა უნდა იყოს მზად როგორც ინსტიტუციონალურად, ასევე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და ეს იქნება ყველაზე დიდი მიღწევა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად,“- განაცხადა პრემიერ - მინისტრმა.