28-10-2020
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოზარ სუბარი საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის, სამგორში, რომელიც არის ერთი მხრივ გამოწვევებით სავსე, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან დიდი შესაძლებლობების რაიონი. ცხოვრებაში მარტივი გზებით არ მისარგებლია და 35 წელია ყოველთვის იქ ვარ, სადაც საქართველოში რაღაც ხდებოდა, თუმცა დღეს ჩემს ცხოვრებაში ასე ვფიქრობ, ყველაზე სერიოზული დღეა, ყველაზე მეტად სანერვიულო, ყველაზე საპატიოც, იმიტომ რომ არ არის ადვილი იყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმ რაიონში, რომელიც არის თბილისის ყველაზე დიდი რაიონი, მრავალეთნიკური, მოსახლეობით ყველაზე დიდი.
ცოტას ვნერვიულობ და თავში მიტრიალებს, სულ მახსენდება ჩვენი დიდი წინაპრის სიტყვები -“აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო”, თუმცა შიში რა მოსატანია იქ, როდესაც გვერდით გიდგას ძალიან ძლიერი გუნდი და ზუსტად ვიცი, რომ ამ გუნდთან ერთად ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით და ძალიან მალე შევქმნით ჩვენს უკეთეს მომავალს და უკეთეს ქვეყანას. ეს არის გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, რომელთან ერთადაც ამ 8 წლის წინ, მთავარი ღირებულება გახდა ადამიანი, მისი უფლებები, მისი ინტერესები. ყველაფერი ტრიალებს დღეს ადამიანის, საქართველოს მოქალაქის ირგვლივ და ეს იქნება ჩვენი უპირველესი საზრუნავი მთავრობაშიც, პარლამენტშიც, თვითმმართველობაშიც, სამგორშიც და მთელ საქართველოშიც და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველა ერთად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად, ჩვენი გუნდის წევრები, ყველა გამოწვევას დავძლევთ.
მე სამგორში არ დავბადებულვარ მაგრამ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ სამგორში გავატარე. აქ შევქმენი ოჯახი, აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ ჩემი შვილები, ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო წლები სწორედ სამგორთნ მაკავშირებს და კარგად ვიცი, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ სამგორი ხვალ უკეთესი იყოს და გამოწვევები ერთად დავძლიოთ.
თავის დროზე, გასულ საუკუნეში სამგორი ცნობილი იყო თავისი ძალიან დიდი წარმოებებით და მაღალკვალიფიციური მუშახელით, თუმცა 90-იან წლებში ეს ყველაფერი გაჩერდა და უამრავი მაღალკვალიფიციური ადამიანი უმუშევარი დარჩა. დღეს სამგორში უმუშევრობა ყველაზე დიდი გამოწვევაა. ყველაფერს გავაკეთებ და გვერდში დავუდგები ყველა იმ ბიზნესმენს, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს სამგორში, ამისთვის აქ ყველაფერი არსებობს - არის მუშახელი, არის ინფრასტრუქტურა და ყველა შესაძლებლობა, რომ ეს გავაკეთოთ. ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, საქართველოს მთავრობა, მერია, გამგეობა, საკრებულო შევძლებთ გადავჭრათ ეს ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც სამგორელების წინაშე დგას და ოთხი წლის შემდეგ სრულიად სხვა სამგორი იქნება. იქნება სამგორი, რომელიც თბილისის ყველაზე კომფორტული საცხოვრებელი გარემო იქნება, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და მწვანე გარემო.
სამგორში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა. ერთ-ერთი ჩემი მიმართულება იქნება ხელი შევუწყო ამ ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას ქვეყნის ცხოვრებაში, როგორც სამგორის, ისე მთლიანად ქვეყნის ცხოვრებაში. თუმცა ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ პარლამენტი არ არის მხოლოდ სამგორი, პარლამენტის წევრმა მხოლოდ თავის რაიონზე არ უნდა იზრუნოს. ამიტომ, გაძლევთ პირობას, ძალიან აქტიური ვიქნები ყველა იმ საქმეში, რაც ქვეყნის განვითარებას სჭირდება. აქტიურად ვიმუშავებ ყველა იმ საკითხზე, რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვას, რეგიონების განვითარებას, ეკონომიკის გაძლიერებას და საქართველოს სწრაფ ინტეგრაციას ევროკავშირსა თუ ნატოში, დევნილთა პრობლემების ღირსეულ გადაწყვეტას და დაუღალავად ვიბრძოლებ რომ მივაღწიოთ ჩვენს მთავარ მიზანს - დეოკუპაციას.
ჩვენს ზურგს უკან არის დასახლება, რომელშიც რამდენიმე წლის წინ, რამდენიმე ასეულმა დევნილმა მიიღო ძალიან კარგი ბინა, თუმცა, გაცილებით ბევრი დევნილია თუნდაც იმავე სამგორში, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ბინა და ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ . ეს არის მთელ საქართველოში და ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა იქნება, ყველა დევნილმა მიიღოს ღირსეული საცხოვრებელი. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა ახდება ყველა დევნილის და ჩვენი, ყველას მთავარი ოცნება, როცა ყველა დევნილი დაბრუნდება თავის საკუთარ სახლში, დაბრუნდებიან სოხუმში, დაბრუნდებიან ცხინვალში, გაგრაში, ახალგორში და ჩვენ ყველანი ვიზეიმებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ იქნება ერთიანი და მთლიანი ოსებთან, აფხაზებთან და ჩვენს თანამოძმეებთან ერთად.
ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა სამგორელს, „ქართული ოცნების” ერთგულ წევრებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ღირსეულად გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას ნდობისთვის, აქ ყოფნისთვის, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" - განაცხადა სუბარმა.