გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ორ დღეში, ამ მნიშვნელოვანი არჩევნების შემდეგ, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას

29-10-2020

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სერგეენკოს წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას, ვემზადებით არჩევნებისთვის, სადაც თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოთ, აგრძელებს თუ არა ჩვენი ქვეყანა მშვიდობიან, დემოკრატიულ განვითარებას, რომლის მიზანიც ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა. სახელმწიფოს, სადაც ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული და ადამიანი, მასზე ზრუნვა მთავარი ამოსავალი წერტილი და მთავარი ღირებულებაა.

ზრუნვა ვახსენეთ და მე აღარ დავიწყებ იმ წარმატებულ რეფორმებზე საუბარს, იმ პროექტების ჩამოთვლას, რომელიც ჩვენი გუნდის ხელისუფლების პირობებში ბატონი დავით სერგეენკოს უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით განხორციელდა. ამისთვის მხოლოდ ერთის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხსენებაც საკმარისია.

ამ ადამიანს არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარის - ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის დაწყება უკავშირდება.

დავით სერგეენკოს მინისტრობის პერიოდში შეიცვალა დარგის ფილოსოფია, შეიცვალა მიდგომები და დამოკიდებულება, ჯანდაცვა პრივილეგიის ნაცვლად სახელმწიფოს პრიორიტეტი, საყოველთაო გახდა. წარსულს ჩაბარდა ის საშინელი დრო, როდესაც გადაუდებელი ჯანდაცვის სერვისებისთვის ადამიანებს სახლის გაყიდვა, უკანასკნელი თეთრის გაღება უხდებოდათ. ჩვენ ეს ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით, შრომით ჩავაბარეთ წარსულს.

მე, როგორც ქალაქის მერს, არ შემიძლია არ ვისაუბრო იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ბოლო წლებში მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა უბნებში განვახორციელეთ. ჩვენ პირობა მივეცით თბილისელებს, რომ თბილისში ცხოვრება შეიცვლებოდა: მოწესრიგდებოდა ინფრასტრუქტურა, განახლდებოდა სკვერები, იქნებოდა მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. დავიწყეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. დავიწყეთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ეს არის ქუჩების მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით და ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა თუნდაც საბურთალოს რაიონში; დავიწყეთ პარკების და სკვერების გალამაზება და მოწესრიგება, რა თქმა უნდა, ეს მიდგომები და დამოკიდებულება გაგრძელდება მომდევნო წლების განმავლობაშიც.

ძალიან მარტივია, ავიღოთ სტატისტიკა და ციფრები, 2014 წელს საბურთალოს რაიონის ბიუჯეტი იყო 11 მილიონი, 2020 წელს ბიუჯეტი არის ორჯერ გაზრდილი - 22 მილიონი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო მეტი პროექტის განხორციელება შეგვიძლია, უფრო მეტი კარგის საქმის კეთება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ იქნება ზრდა და კიდევ მეტი პროექტი განხორციელდება.

დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იმართება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე და მინდა ვისაუბრო იმ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელსაც არა მხოლოდ საბურთალო, არამედ მთელი ქალაქი ელოდება. ეს არის ცენტრალური პარკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და ფონდი „ქართუ“ აკეთებს. სამუშაოები დაწყებულია, რომელიც 2 წელიწადში დასრულდება და ქალაქს ექნება კიდევ ერთი უზარმაზარი რეკრეაციული ზონა, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება თავისი კუთხე, თავისი ადგილი, სადაც იქნება ყველანაირი შესაძლებლობა დასვენების, გართობის, განტვირთვის. ძალიან მიხარია, როგორც ქალაქის მერს, როგორც, უბრალოდ, ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

მინდა ყველას წარმატება და გამარჯვება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, ორ დღეში, ამ მნიშვნელოვანი არჩევნების შემდეგ, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და არ იფიქროს ვინმემ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი კანდიდატის, ჩვენი პარტიული გამარჯვება იქნება. ეს არის ჩვენი სამშობლოს გამარჯვება, რადგან დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია, რომელსაც აქვს რეალური ხედვა, როგორ განვითარდეს ეს ქვეყანა, როგორ წავიდეს წინ, როგორ გავაძლიეროთ ეკონომიკა, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს, როგორ შევუწყოთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ხელი და გავუმაგროთ ზურგი, ამის რესურსი გააჩნია პოლიტიკურ გუნდს, პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

დარწმუნებული ვარ, 31-ში ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას. მინდა გამარჯვებები გისურვოთ, წარმატებები გისურვოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" - განაცხადა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930