29-10-2020
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ჩემთვის მართლაც განსაკუთრებით ძვირფასია ეს შეხვედრა, სადაც მაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება იმ პოლიტიკური გუნდისადმი, რომლის წევრიც მეც გახლავართ და რომლის პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა ამ წლების განმავლობაში ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
მე ნამდვილად მეამაყება, რომ ამ გუნდთან ერთად ვარ და მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიური მონაწილეობა მივიღო. ჩვენ 31 ოქტომბერს, ორ დღეში, გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. დარჩება ადამიანის უფლებები, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის უფლება ქვეყნის უმაღლეს პრიორიტეტად, თუ ეს პრიორიტეტი შეიცვლება. ეს გადაწყვეტილება თითოეული ჩვენგანის ხელშია და ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვთხოვო, რომ 31–ში ყველამ გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია.
რაც შემეხება მე, ჩემი გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს და კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო იმ პოლიტიკური გუნდისადმი, რომლის გადაწყვეტილებებმაც არა მარტო პოლიტიკურმა, არამედ რეალურმა მხარდაჭერამ, რეალურად გადაარჩინა ათასობით ადამიანის სიცოცხლე ამ წლების განმავლობაში.
ჩვენი გუნდი ყოველთვის შორს იყო იმისგან, რომ გაკეთებული საქმე ვინმესთვის დაემადლებინა და ვცდილობთ, რომ მოკრძალებულად, შედეგზე ორიენტირებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. თუმცა, ეს არის ის რეალობა, რომელიც აუცილებლად უნდა ითქვას, გადარჩენილი ადამიანების სიცოცხლე. ასევე მინდა დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი კოლეგების მიმართ, რომელთაც მართლაც გასაოცარი, ბრწყინვალე მუშაობა, ბრწყინვალე კომპეტენცია, სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოიჩინეს და ქვეყანა გადაარჩინეს დამანგრეველი ტალღისგან და მჯერა, რომ ჩვენ ერთად დგომით დავძლევთ ნებისმიერ გამოწვევას, როგორც ჯანდაცვის სფეროში ასევე ეკონომიკურ სფეროში, რადგანაც ეს არის ერთადერთი სწორი მიმართულება, ადამიანის უფლებები, ადამიანის ჯანმრთელობა და მხარში დგომა ერთმანეთისადმი.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო, ამ სამი თვის განმავლობაში, წინასაარჩევნო პერიოდი პრაქტიკულად უკვე დასრულდა და ამ სამი თვის განმავლობაში მე მქონდა ასეულობით შეხვედრა საბურთალოელებთან, საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან, საზოგადოებასთან. მადლიერება მინდა გამოვხატო მათ მიმართ, რადგან თითოეულმა მათგანმა ძალიან ბევრი რამე მასწავლა. ის პრიორიტეტები, რაც მქონდა განსაზღვრული პარლამენტში მუშაობის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გამდიდრდა იმ ხედვით, რაც მე მივიღე თითოეული მოქალაქისგან და ამისთვის მინდა უღრმესი მადლობა მოგახსენოთ ყველას.
დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის, მზად ვარ, რომ თითოეული ის პრობლემა, თითოეული შესაძლებლობა რაც აქვს საბურთალოს რაიონს, რაც აქვს დედაქალაქს და საქართველოს გახდეს ასევე ჩემი ვალდებულება, მათზე ზრუნვა.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" - განაცხადა სერგეენკომ.