30-10-2020
არჩევნები, რომელიც ჩატარდება ხვალ, წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებულ განვითარებას, ამიტომ, მე მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, გავაკეთოთ ხვალ ჩვენი არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს შეუძლია მსოფლიოს აჩვენოს კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში სამაგალითო არჩევნების ჩატარება.
„ხვალ ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა და ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები - თავისუფალი, ღია, დემოკრატიული და ტრანსფარენტული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ
პრემიერ-მინისტრის თქმით, ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა ტრანსფარენტულ და დემოკრატიულ გარემოში, სწორედ ასევე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემ და შემდგომმა პერიოდმაც.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა წყნარად, მშვიდად, აბსოლუტურად ტრანსფარენტულ და დემოკრატიულ გარემოში, ზუსტად ასევე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემაც და შემდგომმა პერიოდმაც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს არის ხელისუფლების ვალდებულება, ხელისუფლების, მთავრობის, ოპოზიციური პარტიების და მთელი ჩვენი საზოგადოების, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატიული, ტრანსფარენტული და გამჭვირვალე და შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს. ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი, იქნება უმკაცრესად დასჯილი შესაბამისი სამართალდამცავი სისტემის მიერ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, როგორც საარჩევნო უბნებზე მართლწესრიგის დასაცავად, ასევე ქვეყნის მასშტაბით, მართლწესრიგის დაცვის გაძლიერების თვალსაზრისით.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალება, როგორც საარჩევნო უბნებზე მართლწესრიგის დასაცავად, ასევე ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო დღეს და არჩევნების შემდგომაც მართლწესრიგის დაცვის შემდგომი გაძლიერების თვალსაზრისით. საგარეო საქმეთა სამინისტრო, შტაბი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, 24 საათიან კავშირზე არიან ჩვენს სტუმარ დამკვირვებლებთან, რამეთუ მათ მუშაობაშიც არანაირი შეფერხება არ შეიქმნას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა მოქალაქეებს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, სადაც იქნება ეპიდემიოლოგიურად უმაღლესი უსაფრთხოების სტანდარტი დაცული და გააკეთონ თავისუფალი არჩევანი.
„მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ჩვენ ხვალ ყველა ერთად უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, უბნებზე, სადაც იქნება ეპიდემიოლოგიურად უმაღლესი უსაფრთხოების სტანდარტი დაცული, რაზეც იზრუნეს ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა, საარჩევნო კომისიამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავისუფალი არჩევანი, არჩევანი, რომელმაც უნდა განსაზღვროს შემდგომი წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. მე ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - პანდემია გადაივლის, პანდემიას დავამარცხებთ, ეკონომიკურ კრიზისსაც გავუმკლავდებით, მაგრამ არჩევნები, რომელიც ჩატარდება ხვალ, წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებულ განვითარებას, ამიტომ, მე მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, გავაკეთოთ ხვალ ჩვენი არჩევანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.