1-11-2020
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, 31 ოქტომბერს საქართველომ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიისკენ.
"გუშინ, ქართველმა ხალხმა, თავისუფალ, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში გამოხატა საკუთარი ნება, რომელიც არჩევნების შედეგებში აისახა.
არჩევნებში გამოხატული ხალხის ნებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” პროპორციული სიის ნაწილში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაიმეორა, საქართველოს მოსახლეობის 48-ზე მეტის მხარდაჭერა მოიპოვა და ასევე დამაჯერებლად, პირველივე ტურში გაიმარჯვა მინიმუმ 14 მაჟორიტარულ ოლქში. მინიმუმს ვამბობ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დათვლა მაჟორიტარების მიმართულებით.
მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, ეს ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას”, გადაუნაწილებელი მანდატების პროპორციის გათვალისწინებით, 150-დან მინიმუმ 76 მანდატი (62 - პროპორციული და 14 - მაჟორიტარული) პირველივე ტურში მიანიჭა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ.
შესაბამისად, “ქართული ოცნებას” მომავალ პატლამენტში მხოლოდ პირველი ტურის მონაცემებითაც კი შეუძლია უმრავლესობის შექმნა და გიორგი გახარიას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.
აქედან გამომდინარე, არჩევნების ინტრიგა, ინარჩუნებს თუ არა “ქართული ოცნება” ხელისუფლებას, დამთავრებულია.
“ქართული ოცნება” ქართველი ხალხის ნებით, დიახ, ინარჩუნებს ხელისუფლებას და მეორე ტურში დარჩენილი მანდატების მოპოვების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაიმყარებს უმრავლესობას.
აქვე, მინდა აღვნიშნო, არჩევნები ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი სრულად პროპორციული სისტემით და 5% -ანი ბარიერით რომ ჩატარებულიყო, ბარიერს მხოლოდ ორი პარტია გადალახავდა და “ქართული ოცნებას” საპარლამენტო მანდატების ორი მესამედი ანუ ასი მანდატი შეხვდებოდა წილად, ოპოზიციას კი მხოლოდ 50 მანდატი.
შესაბამისად, ამ სისტემით ჩვენ შევძელით კიდევ უფრო პლურალისტური პოლიტიკური გარემოს შექმნა და მივეცით შესაძლებლობა ამომრჩევლებს ყველა ის პოლიტიკური პარტია მაქსიმალურად ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტში, რომელთაც შეძლეს მოსახლეობის თუნდაც 1%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორია დემოკრატიის განვითარებისთვის.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მხარდამჭერებს გამარჯვებას, მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, თითოეულ ადამიანს ამ გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის.
წინ მეორე ტურები გველის და მოგიწოდებთ მაქსიმალური მობილიზაციისკენ, ჩვენ ერთად, ყოველთვის გავიმარჯვებთ. ერთად საქართველოს წარმატებისთვის" - განაცხადა კალაძემ.