გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი: არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო

2-11-2020

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური განახლებული საარჩევნო სისტემით და ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობით ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19 პანდემიის გამო რთული პირობები იყო შექმნილი.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირის) და ეუთოს, ევროპის საბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეათა საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ ერთობლივი მოხსენების თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.

თუმცა, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა.

კვლავ მთავარია მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით, ისევე როგორც ყველა საჩივრისა და აპელაციის სამართლიანი, გამჭვირვალე და საგულდაგულო განხილვა.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ დემოკრატიული პრინციპებისა და სტანდარტების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა განაგრძოს. უაღრესად მნიშვნელოვანია თავისუფალი და ჯანსაღი მედია გარემოს უზრუნველყოფა, მათ შორის იმისთვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს სრულად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება. ევროკავშირი კვლავ ზედმიწევნით დააკვირდება მოვლენათა განვითარებას დარჩენილი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში და განსაკუთრებით მეორე ტურის დღეს.

განახლებულმა სამართლებრივმა ჩარჩომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარი საფუძველი უზრუნველყო. ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებში ნაწილობრივ გათვალისწინებულია ეუთო / ოდირის და ევროპის საბჭოს / ვენეციის კომისიის ადრინდელი რეკომენდაციები, თუმცა, რიგი რეკომენდაციებისა გაუთვალისწინებელი დარჩა. მნიშვნელოვანი იქნება საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზების მოგვარება, მათ შორის ეუთო / ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინება, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით მეორე ტურის შემდეგ, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდება.

ევროკავშირი გვერდში უდგას დემოკრატიულ, სტაბილურ, წარმატებულ და ინკლუზიურ საქართველოს და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს" - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930