2-11-2020
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ არჩევნები შეფასდა, როგორც კონკურენტული და აღინიშნა, რომ საარჩევნო პროცესში რეალიზებული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინება საარჩევნო უფლებაა.
"ამგვარი შეფასებების ფონზე, ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები, თვისებრად აცდენილია რეალობის ობიექტურ აღქმას. აშკარაა, რომ ძალაუფლების დაბრუნებისკენ ლტოლვა, რომლითაც ისინი თავის დროზე ბოროტად სარგებლობდნენ, არ აძლევს მათ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის ღირსეულად მიღების შესაძლებლობას.
სრულიად ლოგიკურია, რომ ქართველმა ამომრჩეველმა უარი უთხრა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გამოირჩეოდა ზღვარგადასული თვითნებობით, კორუფციით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, რომელმაც რუსეთის ფედერაციას დანაშაულებრივად ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და ჩაიდინა უამრავი სხვა დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ამგვარი პოლიტიკური ძალის მიერ რამდენიმე ასეული ათასი ხმის მიღება თავისთავად სერიოზული შეშფოთების საგანია და ცნობიერების ამაღლების კუთხით, სამომავლოდ, სერიოზულ მუშაობას მოითხოვს.
არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ოპოზიცია იყენებს დაუბალანსებელ ოქმებს. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ დაუბალანსებელი ოქმები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ფიქსირდებოდა, რის მიზეზიც ადამიანური შეცდომაა. ყურადღებას გავამახვილებთ იმ გარემოებაზეც, რომ ამგვარი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში ჩვენი პარტიისა და კანდიდატების საზიანოდ ფიქსირდება. ამასთან, ყველა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ოქმებში ფიქსირდებოდა, ამჟამად ზუსტდება საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც საარჩევნო პროცესში ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა.
ამ არჩევნებზე ნამდვილად დაფიქსირდა ერთი ფუნდამენტური არალეგიტიმური მოვლენა -ეს იყო საარჩევნო აგიტაციაში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა, რომელიც ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. მეორე ადგილზე გასული პარტიის ლიდერად იმ პირის წარმოჩენა, რომელიც არ არის ქვეყნის მოქალაქე და რომელსაც შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა.
ჩვენ წინასწარ ვაცხადებდით, რომ არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიცია უსათუოდ ეცდებოდა დესტრუქციას. აშკარაა, რომ ხალხის მხარდაჭერის არქონის ფონზე, ისინი არჩევნებში საკუთარ შანსს ვერ ხედავენ. სწორედ ამიტომ, დესტრუქცია არის მათთვის ერთგვარი ხავსი, რომელსაც ისინი 2012 წლიდან ეჭიდებიან.
იგივე მიზეზით თქვეს მათ რამდენიმე თვის წინ უარი იმ საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაზე, რომელიც პარტიებს შორის საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმდა. ჩვენი პარტნიორების თვალთახედვით, ახალი, არსებითად პროპორციული სისტემა ნულოვანი საარჩევნო ბარიერით უნდა გახდეს მყარი საფუძველი საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისათვის. ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენ მეგობარ 4 ელჩს, რომელთა ძალისხმევით დაძლეულ იქნა ჭარბი უმრავლესობის მრავალწლიანი პრობლემა და ახალ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა 9 პოლიტიკურ პარტიას მიეცა. როგორც ხედავთ, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ამ ძალისხმევას როგორც მაშინ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის არმიცემით, ისე ახლაც უპასუხისმგებლოდ და უდიერად ეპყრობა.
გარდა ამისა, ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე. მათ კარგად იციან, რომ მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მეორე მარცხის გაფორმებას ერიდებიან იმთავითვე.
ჩვენი პარტია და საარჩევნო შტაბი ხვალიდან იწყებს მზადებას არჩევნების მეორე ტურისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა საარჩევნო ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში" - განაცხადა კობახიძემ.