6-11-2020
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პრინციპი ქვეყანას აბრუნებს წარსულში და ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებას, რომელმაც მანდატით დააჯილდოვა ოპოზიციური ძალა.
„რაც შეეხება ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებებს - მე აღარ მინდა უკვე იმაზე საუბარი, თუ როგორ აფასებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები 31 ოქტომბრის არჩევნებს - ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ დღეს მათ შეფასებებში უკვე გამოჩნდა ახალი აქცენტები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ისინი პირდაპირ ამბობენ - საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული ოპოზიციის პარლამენტის მუშაობაში არ მონაწილეობა დააზიანებს ქართული დემოკრატიის შემდგომ განვითარებას, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას, ვისაც ელემენტარული დემოკრატიული პროცესი ესმის, გვესმის, რომ პრინციპი, რომელსაც დღეს ჩვენი ოპოზიცია მისდევს - ყველაფერი ან არაფერი, ამ პრინციპს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ პროცესთან. ეს პრინციპი ქვეყანას აბრუნებს წარსულში და ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებას, რომელმაც მანდატით დააჯილდოვა ამდენი ოპოზიციური ძალა, იმისთვის, რომ დაევალებინა ოპოზიციისთვისაც და მმართველი პარტიისთვისაც, ერთობლივად ვიშრომოთ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული პროცესის გასაძლიერებლად და გასაუმჯობესებლად. ამოცანა ცომ მარტივია და ნათელია - საქართველოს მოქალაქემ ჩვენ მოგვცა დავალება - იშრომეთ ერთად იმისათვის, რომ ქვეყანა გაიყვანოთ სამშვიდობოს - ეს არის მთავარი. ამის მაგივრად კი ოპოზიცია დღეს იქცევა ვირუსის გავრცელების, აქციების მოწყობის და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისში შეყვანის თვალსაზრისით უკიდურესად უპასუხისმგებლოდ. მათი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
არ დაგვავიწყდეს კიდევ ერთი რამ, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 9 პოლიტიკური პარტიისთვის მანდატის მინიჭება ეს პასუხისმგებლობის მინიჭება იყო. ეს იყო პასუხისმგებლობის მინიჭება და დავალება, 24 საათი ვიშრომოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და არა ქუჩის აქციების მოსაწყობად. ხარვეზები, რომელიც არსებობდა, უნდა დადგინდეს, უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი გამოკვლევა და უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.