გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძემ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა

20-04-2018

თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა.

 

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ღამის ეკონომიკის ჩამოყალიბებისთვის განვითარებული ქვეყნებიდან საუკეთესო მაგალითები იქნება გადმოტანილი.

 

„გვინდა წარმოვადგინოთ ჩვენი კონცეფცია, ხედვა ღამის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. წინასაარჩევნოდ ბევრს ვსაუბრობდი ამ დარგის განვითარებაზე. ახალს არაფერს ვიგონებთ, გვინდა, რომ საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში და ქალაქებშია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

დედაქალაქის მერის თქმით, ღამის ეკონომიკა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ტრანსპორტის განვითარებას, ხმაურის რეგულირებას, უსაფრთხოების საკითხებს, ასევე, კულტურული და ხელოვნების ინდუსტრიის განვითარებას. პროექტის განხორციელებაში კი, თითოეული მოქალაქისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

 

„გვქონდა რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, ვსაუბრობდით ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე, ტრანსპორტის მოწესრიგებაზე, ქალაქის კეთილმოწყობაზე. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ქალაქში ეკონომიკის განვითარება. ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მიმართულება ღამის ეკონომიკის განვითარებაა. ზოგადად, ღამის ეკონომიკის კონტექსტში მოიაზრება ტრანსპორტი, რომელსაც ამ მიმართულებით ხელს შევუწყობთ. ასევე, ერთ-ერთი საკითხია ხმაურის რეგულირება. ვიცით, რომ უსაფრთხოების საკითხები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ მიმართულებით, აქტიური თანამშრომლობა გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ღამის ეკონომიკის ერთ-ერთი ნაწილი ასევე, კულტურული და ხელოვნების ინდუსტრიის განვითარება და მისი, როგორც ეკონომიკის დარგის ჩამოყალიბება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის თქმით, ღამის ეკონომიკის მთავარი მიმართულება დედაქალაქის სხვადასხვა უბნების განვითარებაა. კახა კალაძის თქმით, კონცენტრირება არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე და ქალაქის განვითარება თანაბრად უნდა მოხდეს.

 

ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დედაქალაქში ტურისტების რაოდენობა იზრდება, რომელთან დაკავშირებითაც, ღამის ეკონომიკის განვითარების ასპექტში, ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა მოხდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930