3-12-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ი.ჯ. დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 27 ნოემბერს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 000-ზე მეტი ლარის ოდენობის თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ი.ჯ., ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი და ყაჩაღური გზით გატაცებული თანხის ნაწილი.
ი.ჯ. დანაშაულს აღიარებს.
დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ვინაიდან ბრალდებული ი.ჯ. არის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.