გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: როდესაც ვამბობთ, რომ 2024 წლისთვის უნდა შევძლოთ, დამსახურებულად მოვითხოვოთ ევროკავშირის წევრობა, უნდა გვესმოდეს, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამის ფორმაში უნდა იყოს

23-12-2020

მთავრობის კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნებთ იმ დონეს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნის სისტემური ინფრასტრუქტურა წესრიგში მოვიყვანოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული კაპიტალური ხარჯების მოცულობამ დაახლოებით 20 მილიარდი ლარი შეადგინა და ამას მოსახლეობა კარგად ხედავს.

„პირველ რიგში ეს არის გზები, წყლის ინფრასტრუქტურა, კიდევ ბევრი რამ, თუმცა მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გეგმავს დამატებით 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას. ეს არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8%, რომელიც ყოველწლიურად აუცილებლად უნდა იყოს ინვესტირებული ქვეყნის ინფრასტრუქტურაში. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ 2024 წლისთვის უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, დამსახურებულად მოვითხოვოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურა შესაბამის ფორმაში უნდა იყოს, განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ ინფრასტრუქტურაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველთვის იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა და დღეს, გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველა ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეკონომიკაში და არა მხოლოდ ეკონომიკაში გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები, რათა ქვეყანაში ინვესტირებული თითოეული დოლარი მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს.

„ამას დასჭირდება ბევრი საკანონმდებლო ცვლილება და ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა მიმართულებით სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930