გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მიუხედავად შიდა სირთულეებისა, ევროკავშირმა და ნატომ გაფართოებაზე თავი არ უნდა შეიკავონ

23-04-2018

„გვწამს, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისათვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნატოსსაპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სემინარის თემა - „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“ ჭეშმარიტად მიმზიდველია, რადგან, მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონი და მისი უსაფრთხოება არასდროს ყოფილა ასე მნიშვნელოვანი.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და გასულ წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ეს უკვე კონსტიტუციურ დონეზე არის გარანტირებული. „ 2016 წლის დეკემბერშიპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათლად იყო ხაზგასმული, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს. გარდა ამისა, აღნიშნული განცხადება კიდევ უფრო გამყარდა კონსტიტუციურ დონეზე გასულ წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის ჩარჩოში. ახლა კონსტიტუცია განსაზღვრავს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, როგორც საქართველოს ყველა კონსტიტუციური ორგანოს კონსტიტუციურ მიზანს.
დღესდღეობით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია მყარად არის გარანტირებული, როგორც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი. იგი გამოხატავსქართველი ხალხის ღრმა მისწრაფებას და არის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. მინდა მოგახსენოთ, რომ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც წარმოდგენილი ჰქონდათ პროევროპული და პროევროატლანტიკური პლატფორმა 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, მაშინ როდესაც ყველა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ კურსს გააჩნია გადამწყვეტი და მზარდი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მიერ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შავი ზღვის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვალებადი გეოპოლიტიკური წესრიგისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, მჭიდრო შავი ზღვის თანამშრომლობა არის და უნდა იყოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემადგენელი ნაწილი. რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ უმთავრეს გამოწვევად რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა დაასახელა.

„უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვწამს, რომ რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა უმთავრესი გამოწვევაა რეგიონალური უსაფრთხოებისათვის. რუსეთის ქმედებებმა რეგიონში, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულში ისეთი უძლიერესი ძვრები გამოიწვია, რამაც სერიოზულად შეარყია საერთაშორისო სისტემის სანდოობა და დაემუქრა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძველსაც კი. ეხლაც კი, იმდროს, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში შევიკრიბეთ და ვსაუბრობთ, მოსკოვი ინტენსიურად ზრდის საკუთარ სამხედრო რესურსებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგიონის გასწვრივ. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების მცოცავი და მკვეთრი ანექსია ნათლად გამოხატავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ყოველდღიურად“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ამ აგრესიულ ქმედებებზე თვალი არ უნდა დახუჭოს.

„საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია არსებითი მნიშვნელობისაა და იგი ნათელი გზავნილი უნდა იყოს რუსეთისათვის, რომ აღნიშნული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, და რომელიც ევროპის საზღვრებს ახლებურად განსაზრვრავს ოკუპაციის გზით, სრულიად მიუღებელია“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, რეგიონული უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრის საწინდარი რეგიონის თავისუფლებისმოყვარე ერებს შორის თანამშრომლობაა.

„წარმოვადგენთ რა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ჩვენ გვწამს, რომ რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემის მოგვარების საწინდარი გახლავთ თანამშრომლობა რეგიონის თავისუფლების მოყვარულე ერებს შორის, რადგან შავი ზღვა წარმოადგენს პოლიტიკური დაძაბულობის ასპარეზს, თუმცა ასევე გვთავაზობს აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ კონცენტრირებული ქმედებების შესაძლებლობას. მშვიდობა და სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში უდიდეს შესაძლებლობებს მოგვცემს იმისათვის, რომ წარმატებულად ვითანამშრომლოთ ბიზნესის, ენერგეტიკის, ინოვაციების, ტექნოლოგიების, კულტურისა და სხვა სფეროებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტებმა სამმხრივი ფორმატი შეიმუშავეს, რომელიც ევროატლანტიკური კურსის გაძლიერებასა და საერთო ინტერესების მისაღწევად მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

„ჩვენ, რეგიონის მშვიდობიანმა ქვეყნებმა ასევე აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ორმხრივი და მრავალმხრივი ინსტრუმენტები, რათა ენთუზიაზმით განვაგრძოთ ხიდების მშენებლობა და დაბრკოლებების აღმოფხვრა. ჩვენ გვწამს, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო გზა ამ ტურბულენტურ ეპოქაში არის რეგიონალური ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფების გაძლიერება. შავი ზღვის რეგიონის იმ ქვეყნების წარმატებული განვითარება, რომლებიც უკვე წარმოადგენენ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს, შესანიშნავი მაგალითია ამ ორგანიზაციების ეფექტური სტაბილიზაციისა. ნაცრისფერმა ზონებმა გაამწვავა უსაფრთხოების მდგომარეობა, რაც კარგად უნდა გააცნობიერონ მეგობრებმაც და მოწინააღმდეგეებმაც და მიიღონ შესაბამისი ზომები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა და ნატომ, შიდა სირთულეების მიუხედავად, გაფართოებისგან თავი არ უნდა შეიკავონ. მისი შეფასებით, არსებული გეოპოლიტიკური გარეოს გათვალისწინებით, ღია კარის პოლიტიკის შეჩერება ან შეწყვეტა ევროპის კონტინენტზე გავლენის ზონების და გამყოფი ხაზების წარმოქმნას გამოიწვევს.

„ევროკავშირმა და ნატომ, მიუხედავად შიდა სირთულეებისა, არ უნდა შეიკავონ თავი გაფართოებაზე. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ ევროკავშირმაც და ნატომაც უფრო აქტიურად ითანამშრომლონ არაწევრ ქვეყნებთან იმისათვის, რომ დაეხმარონ მათ მათი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ეკონომოკური მისადაგებობის, თავდაცვისუნარიანობისა და მოქნილობის გაძლიერებაში.
არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ღია კარის პოლიტიკის შეჩერება ან შეწყვეტა გამოიწვევს გავლენის ზონებისა და გამყოფი ხაზების წარმოქმნას ევროპის კონტინენტზე და წაახალისებს იმ ნეგატიურ პროცესებს, რომლებიც სრულიად შეუქცევადი შეიძლება გახდეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ნატოს წევრობის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, ჩვენი ქვეყანა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს ასრულებს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების ყოვლისმომცველი ჩარჩო შექმნა.

„მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ საქართველო ასრულებს საკუთარი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რათა უზრუნველყოს ნატოს წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ახლახანს ჩატარებულმა კონსტიტუციურმა რეფორმამ შექმნა გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების ყოვლისმომცველი ჩარჩო. ჩვენ ასევე ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში, და ამრიგად ჩვენი წვლილი შეგვაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებაში. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისათვის. 10 წლის წინ ნატოსწევრი ქვეყნები ბუქარესტში შეთანხმდნენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამ დროისგანმავლობაში, ჩვენ წარმატებით დავამყარეთ ნდობა და პარტნიორული ურთიერთობები ამ ქვეყნებთან. დღეს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს გამოცდილება და დავიწყოთ ერთობლივი სვლა წარმატებისაკენ უფრო მეტი გამბედაობითა და შემართებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარის მონაწილეებს მიმართა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, დისკუსიაში - „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგი“ მიიღო მონაწილეობა. სემინარს საქართველო 23 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით უმასპინძლებს.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930