24-12-2020
ეს ინიციატივა როგორც მინიმუმ ნიშნავს იმას, რომ თავი უნდა შევიკავოთ ახალი შეღავათებისგან, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილები და ძველ ასეთ შეღვათებს უნდა გადავხედოთ, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიამა მედიის მიერ საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ.
მისი განცხადებით, ბოლო დაახლოებით 30 წლის განმავლობაში გაკეთდა ბევრი საგადასახადო შეღავათი.
„ჩვენ სერიოზული ანალიზი გავაკეთეთ და როგორც აღმოჩნდა ზოგიერთი უფრო მიზანშეწონილია ეკონომიკურად, თუმცა უმეტესი საგადასახადო შეღავათებისა, არ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც ის დაწესდა. ზოგადად, ყოველთვის უფრო მიზანშეწონილი და ეფექტურია, როდესაც გვინდა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების, ან რომელიმე კონკრეტული სახეობისა თუ სერვისის ხელშეწყობა, წავიდეთ არა შეღავათების გზით, არამედ უკეთესია შევქმნათ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უშუალოდ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს მოემსახურება და მათ შეუმსუბუქებს ყოფას. ეს არ არის ახალი ამბავი, ან ჩვენი აღმოჩენა, ეს არის პრაქტიკულად ყველგან, როდესაც არის მასობრივი შეღავათი რაღაც პროდუქტზე ან მომსახურების სახეობაზე. მაგალითად, წინა პარლამენტში იყო საუბარი, რომ თხევად გაზს იყენებდნენ ის რეგიონები და სოფლები, სადაც არ არის ბუნებრივი გაზი და რომ ეს იყო სოციალური გაზი, თუმცა რომ დავთვალეთ ვნახეთ და ამ შემთხევაში სწორი იყო ბიზნესასოციაციის და იმ მეწარმეების პოზიციები, რომლებმაც მოითხოვეს დაბეგვრის გათანაბრება, რადგან ეს შეღავათი თავის მიზანს არ ემსახურებოდა. აღმოჩნდა, რომ იყო 20 მლნ ლარის შეღვათი ბიუჯეტიდან თუმცა, რომ დავთვალეთ იმ ადამიანებისთვის, ვინც იყენებდნენ თხევადი გაზის ბალონებს სოციალური მიზნით, მაქსიმუმ 2 მილიონიანი პროგრამა რომ შეგვემუშავებინა სრულად დავფარავდით მათ მოთხოვნებს. დანარჩენით, პრაქტიკულად, ხეირობდა ის ადამიანი, რომელიც არ იყო შეჭირვებული. ამდენად, ამ გზით დაზოგილი ფულით ისევ შეგვიძლია, რომ სოციალურად დაუცველებისთვის და შეჭირვებულებისთვის კიდევ უფრო ძლიერი პროგრამა გავაკეთოთ და დავეხმაროთ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, ბუნებრივია ძნელი იქნება დღეს კონკრეტული სექტორისთვის შეღავათიანი დაბეგვრის მოხსნა. „თუმცა, ამჟამად საუბარია იმაზე, რომ როგორც მინიმუმ ახალ შეღვათებზე უნდა ვთქვათ უარი, რამდენადაც შეგვეძლება გადავხედოთ ძველს, თუმცა ამ ეტაპზე, მოკლე ვადაში არაფერი ამდაგვარი არ იგეგმება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.