26-12-2020
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საზოგადოებას სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. წლიური საქმიანობის შეჯამებისას მინისტრმა პენიტენციურ სისტემაზეც ისაუბრა.
"პენიტენციური სისტემის ძირითადი გამჭოლი ხაზი ეს არის რეფორმები, რომლებიც კვლავაც ემყარება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას. ის გულისხმობს სხვადასხვა ასპექტებს. ეს არის უწყვეტი სამედიცინო მომსახურება და ჩვენ შევძელით ის, რომ პატიმრებს მიეწოდებათ მომსახურება, რაც არის CPT-ის (ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი) კრიტერიუმი - სამოქალაქო სამედიცინო სექტორში არსებული სამედიცინო მომსახურების ეკვივალენტური მომსახურება. რეფერალის შესახებ უნდა ითქვას, რომ არ არის დაგვიანებები, სწრაფად მიეწოდებათ პატიმრებს სამედიცინო მომსახურება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი. ასევე განახლდა ტექნიკური შესაძლებლობები, ავტოპარკი. ეს შეეხება ესკორტის ოფიცრების ახალ კადრებს. მოწესრიგდა მათი თანამდებობრივი სარგო"- განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ 2020 წლის 1 მაისს ლიკვიდირებული იქნა N9 პენიტენციური დაწესებულება ე.წ. "მატროსოვი" და ასევე შეიქმნა ახალი N10 პენიტენციური დაწესებულება, რომელსაც სამედიცინო დანიშნულება აქვს.
"რაც მთავარია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რეფორმაზე, იგეგმება , რამდენიმე ახალი მცირე ზომის, დახურული ტიპის, ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა. საბოლოოდ, ჩვენ უარს ვეუბნებით ე.წ. "ზონური" ტიპის ციხეებს და გადავდივართ ახლებური ტიპის ინფრასტრუქტურულ წყობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა მსაჯვრდებულთა დასაქმების პროგრამები, მათი რაოდენობა"- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მისი თქმით, ბოლო მონაცემებით პენიტენციურ სისტემაში 1000-მდე მსჯავრდებულია დასაქმებული. გოჩა ლორთქიფანიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დასაქმების პროგრამებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსჯავრდებულების რეაბილიტაცია -რესიციალიზაციის თვალსაზრისით და ეს მიმართულება პენიტენციურ სისტემაში კვლავაც გაგრძელდება. იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამაში დანაშაულის პრევენციის და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დიდი ძალისხმევაა ჩადებული.
ამასთან, გოჩა ლორთქიფანიძემ პენიტენციურ სისტემაში covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ზომებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის შემთხვევა არ გამოვლენილა და იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სიტუაცია ამ ნიშნულზე შენარჩუნდეს.
"პენიტეციურ სისტემაში განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ხორციელდება კომპლექსური პრევენციული ღონისძიებები. ეს შეეხება იმას, რომ რეგულარულად ხდება პენიტენციური დაწესებულებების დეზინფექცია. მოწყობილია ფილტრის, კონტროლის რამდენიმე დონე. ეს შეეხება სამედიცინო-საკარანტინე ზონებს და ამის შედეგად ყოველი ახალშესახლებული პატიმარი ექვემდებარება სამედიცინო სკრინინგს და ტესტირებას. პენიტენციური დაწესებულების პერსონალს ასევე უტარდება მუდმივი სკრინინგი და ტესტირება და სასამართლოს სხდომებში პატიმრები დისტანციურად მონაწილეობენ. დღეისათვის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მდგომარეობა ამ ნიშნულზე შევინარჩუნოთ" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.