31-12-2020
შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო - ეს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
კორიდორი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა და თურქეთზე გამავალი მიწოდების მარშრუტების განვითარებას რეგიონიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდებისათვის.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სამხრეთის დერეფანი ხელს უწყობს ევროპაში ადგილობრივი გაზის წარმოების შემცირების კომპენსირებას. გაზის სამხრეთის დერეფნის მნიშვნელოვანი დანიშნულებაა, აგრეთვე, კონკურენციის გაძლიერება საერთო ევროპულ ბაზარზე. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება ბალკანეთის იმ ქვეყნების მომარაგება კომერციულად მიმზიდველი და ეკოლოგიურად მინიმალური ზიანის მომტანი ბუნებრივი გაზით, რომლებიც დღემდე არ იყენებდნენ მას, ან კრიტიკულად არიან დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე.
სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება.
საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ეფექტი, რომელიც გაზის სამხრეთი კორიდორის განვითარებას მოყვა. თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა - ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში - ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.
სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.
სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, გასულ წელს გახსნა.