11-01-2021
„სამთავრობო გუნდისა და ჯანდაცვის სექტორის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკის გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია გვაქვს, თუმცა ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს არსებული წერტილოვანი შეზღუდვების არსებული რეჟიმი 1-ელ თებერვლამდე შევინარჩუნოთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღის გავრცელების ნიშნები შეინიშნება ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც მთელი რიგი სახელმწიფოები ასევე ამკაცრებენ რეგულაციებს.
ნათია თურნავას განმარტებით, 1-ელ თებერვლამდე დარჩენილ პერიოდში აქტიურად გაგრძელდება ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაცია და უსაფრთხო გახსნისთვის საჭირო მოსამზადებელი პროცედურები.
„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. დღესაც, ხვალაც ჩემს მოადგილეებს, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს აქვთ სამუშაო შეხვედრები არასასურსათო ვაჭრობის სექტორთან, ბაზრობის წარმომადგენლებთან. დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული. სხვათა შორის, წინასაახალწლო პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს. შეიძლება გარკვეული დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც მათთან შევჯერდებით და ეს ყველაფერი უფრო მეტად უსაფრთხო გახსნის პერიოდს მოასწავებს, რაც დიდი იმედი გვაქვს 1-ელი თებერვლიდან დაიწყება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.