გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„kommersant“(რუსეთი): სომხეთმა საქართველოს საშინაოპოლიტიკური ტრაექტორია გაიმეორა

24-04-2018

რუსული გამოცემა «КоммерсантЪ»-ი, სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომელიც საბოლოოდ სერჟ სარქსიანის გადადგომით დასრულდა, ივან სუხოვის ავტორობით სტატიას უძღვნის.

 

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

 

სომხეთში სერჟ სარგსიანის გადადგომით მთავრდება ათწლიანი დრამა, როცა 2008 წელს ერევნის მოედანზე ქვეყნის მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა  ბატონი სერჟ სარგსიანი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. მან არჩევნები მოიგო, მაგრამ ისეთი შედეგით, რომელიც ასობით ათას ადამიანმა საეჭვოდ მიიჩნია - იქნებ მეორე ტური უნდა დაინიშნოსო. სერჟ სარგსიანის შედეგები სადღაც 50%-ის ახლოს მერყეობდა...

 

საინტერესოა ერთი მომენტი: სომხეთმა გარკვეულწილად გაიმეორა თავისი უშუალო ჩრდილოელი მეზობლის საშინაოპოლიტიკური ტრაექტორია - როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს საკონსტიტუციო რეფორმის ინიცირება მოახდინა, რომლის თანახმად, ხელისუფლების სიმძიმის ცენტრი პრეზიდენტის სასახლიდან პარლამენტის შენობაში გადადიოდა, სადაც კანონმდებლები - საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობას ჩამოაყალიბებდნენ. ასეთი კონსტრუქცია პრეზიდენტყოფილ ქართველ ლიდერს ჰიპოთეტურად მაინც უფლებას აძლევდა მთავრობაზე კონტროლი განეხორციელებინა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი პარტია არჩევნებში გაიმარჯვებდა. ანალოგიური რეფორმა სომხეთშიც გატარდა, მაგრამ როგორც ჩანს, ორივე ქვეყანაში რეჟიმის კონსერვაციის ასეთმა მეთოდმა ვერ იმუშავა: საქართველოში 2012 წელს ჩატარებულ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა ვერ მოიპოვა, შესაბამისად, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვადის გასვლამდე პოლიტიკურ მარტოობაში დარჩა; სომხეთში კი, მართალია, სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრობამდე მიაღწია, მაგრამ ხალხის საპროტესტო გამოსვლებმა იგი, საბოლოო ჯამში, მაინც გადადგომამდე მიიყვანა.

 

საკონსტიტუციო რეფორმების ინიციატორების [არცთუისე პოზიტიური პირადი მიზნების] პოლიტიკური კრახი, რა თქმა უნდა, თვით რეფორმების კრახს არ ნიშნავს: სომხეთმა და საქართველომ იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოკლე სია შეავსეს (ბალტიისპირეთის გარდა), სადაც პარლამენტში შექმნილი ძალთა განლაგებას (თანაფარდობას) უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთპიროვნული ლიდერის ნებას.

 

აზერბაიჯანთან მიმდინარე კონფლიქტს (ისევე როგორც 1915 წლის ამბების შეფასებას) სომხეთის ურთიერთობას თურქეთთან ჩიხში აქცევს. გავიხსენოთ, რომ სერჟ სარგსიანის პრეზიდენტობის საწყის ეტაპზე რაღაც იმედი გაჩნდა, რომ სომხეთი და თურქეთი ერთმანეთს დაუახლოვდებოდნენ, რაღაც კომპრომისი მოინახებოდა გენოციდის შეფასებებში და მთიანი ყარაბაღის პრობლემის ირგვლივ. ეს განპირობებული იყო იმითაც, რომ რუსეთ-საქართველოს ომმა კავკასიის ქედის სამხრეთით მდებარე ქვეყანაში (სომხეთში) გარკვეული შეშფოთება გამოიწვია: ვაითუ, არამეგობრულად განწყობილი მეზობლის - თურქეთის წინაშე მარტოდ დავრჩეო და ამიტომ ერევანმა ანკარასთან კონტაქტების დაწყება გადაწყვიტა. მაგრამ დროთა განმავლობაში შეშფოთების ფაქტორები თანდათან შესუსტდნენ, საქართველო-რუსეთის კონტაქტების განახლებისა და თბილისი-ბაქო-ანკარის ინტეგრაციის ფონზე ერევან-ანკარის დაახლოების იმედებიც ჩაქრა. თურქეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა სომხეთის გარეშე გააგრძელეს ერთობლივი პროექტები. სამხრეთ კავკასიაში, რომელიც პრინციპში, ერთიან რეგიონს წარმოადგენს, ბლოკურ ნიადაგზე გამიჯვნის ტენდენცია გამოიკვეთა: აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი მუშაობენ როგორც ერთმანეთთან, ასევე ევროპისა და  შუა აზიის ქვეყნებთან, ენერგოშემცველების ექსპორტის მიზნით, სომხეთი კი რუსეთთან, რომელთანაც საერთო საზღვარი არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ აქვს შეთანხმება გიუმრის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით.

 

მოკლედ, ვინც არ უნდა მოვიდეს სომხეთის მთავრობის სათავეში სერჟ სარგსიანის შემდეგ, რეგიონში გამოკვეთილ „ბლოკურ“ ტენდენციას ერთ საათში ვერ შეცვლის. ასევე არ არსებობს ელვისებური გასაღები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნითაც: სომხეთში ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ გაბედავს ყარაბაღის ირგვლივ სტრატეგიული რაიონების აზერბაიჯანისადმი დათმობას, სანამ „დანაკარგ-შეძენის“ თანაფარდობის რაიმე კომპრომისული მექანიზმი არ შემუშავდება. თუმცა პოლიტიკაში მოულოდნელობებიც ხდება ხოლმე, გინდაც მაშინ, როცა პოტენციური მომლაპარაკებლები იცვლებიან. ეს დღის წესრიგის შეცვლის შანსსაც იძლევა.

   

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930