26-01-2021
დღეს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ მებაჟის დღეს. მოგეხსენებათ, საქართველოს საბაჟო ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, ეს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო, აქტიურად იყო ჩართული, გარდა იმისა, რომ ისინი საქართველოს ეკონომიკურ საზღვრებს ღირსეულად იცავდნენ, ეხმარებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ისევე როგორც ეკონომიკურ აქტორებს ეპიდემიის, პანდემიის პირობებშიც ნორმალურად გაეგრძელებინათ ფუნქციონირება და მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა მებაჟეების საქმიანობა არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მებაჟეები შრომობენ 24 საათის განმავლობაში და ეს არის უკიდურესად დასაფასებელი და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვისთვის და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საქმიანობა, ჩვენ ამას ვხედავთ, ვაფასებთ და მადლობას ვუხდით მათ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.