გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთში ენერგოკრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა

26-01-2021

აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგით გამოწვეული ენერგოკრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა. ელექტროენერგია საკმარისი არ არის და მთელ აფხაზეთში რეგულარულად დენი ითიშება. დე-ფაქტო ხელისუფლების ყველა მცდელობის მიუხედავად, მაინინგის პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა. ასლან ბჟანიამ ჩინოვნიკებს ზუსტად ერთი კვირა მისცა, რომ ენერგომოხმარება ერთი წლის წინანდელ დონემდე დაიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი გათავოსუფლებით იმუქრება.


გადატვირთული ელექტროგადამცემი ხაზების გამო, თითქმის მთელ აფხაზეთში შუქი დღეში რამდენჯერმე ითიშება. ზოგან – დღეში ათ საათზე მეტი ხნით.


20 იანვრიდან აფხაზეთის ელექტრომომარაგების ერთადერთი წყარო, ენგურჰესი, რემონტის გამო აპრილის ბოლომდე გაჩერდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს. მაგრამ, რუსეთის მიერ მოწოდებული ელექტროენერგია (800 მილიონი კვტ), აფხაზეთისთვის აშკარად არასაკმარისია მოხმარების არსებული დონის გათვალისწინებით.


ენერგეტიკული კომპანიის “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელი, მიხეილ ლოგუა მიიჩნევს, რომ აფხაზეთს მინიმუმ კიდევ 150 მილიონი კვტ. სჭირდება, თუმცა ამის რესურსი არ არსებობს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი მომჭირნეობაა.


ელექტროენერგიის მოხმარება 2019 წელთან შედარებით 21% -ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის გაჩერებამდეც, მის მიერ გამომუშავებული ენერგიიდან საკუთარი 40% წილი აფხაზეთს აღარ ჰყოფნიდა. მოხმარების მკვეთრი ზრდის მთავარი მიზეზი კრიპტოვალუტის მაინინგია. არალეგალური კრიპტოფერმები უზარმაზარი რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს.


აფხაზეთის ხელისუფლებამ 2018 წლის ბოლოს მაინინგი აკრძალა. თუმცა, უშედეგოდ , მოხმარებამ მხოლოდ მოიმატა. შემდეგ გადაწყდა მისი ლეგალიზაცია ელექტროენერგიის მოხმარების კონტროლის მიზნით. ამანაც შედეგი ვერ მოიტანა.


ელექტროენერგიის დეფიციტისა და გადატვირთული ელექტროგადამცემი ხაზების გამო, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ყველა რაიონში შტაბი შექმნა, რაიონების ხელმძღვანელების პროკურორების, პოლიციის უფროსებისა და ენერგეტიკოსების შემადგენლობით.


”თუ მომდევნო პარასკევამდე, რაიონებში არ იქნება სტაბილური ტენდენცია მოხმარების შემცირებისკენ 2019 წლის მოხმარების დონეზე, პლუს 5%, შტაბის ყველა წევრებს მკაცრ საყვედურს გამოუცხადებენ, ხოლო შემდეგ ორშაბათს ისინი თანამდებობიდან გათავისუფლდებიან. არასწორია ამ პრობლემის გადაჭრის დაკისრება მხოლოდ ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისათვის. ყველა სოფლის გამგებელმა იცის, ვინ აკეთებს ამას. ერთ კვირაში თქვენ უნდა გააკონტროლოთ სიტუაცია, ”- თქვა ასლან ბჟანიამ.


გარდა ამისა, ბჟანიას ინიციატივით, ორშაბათს პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, 1 მეგავატის ელეატროენერგიის უკანონოდ მოხმარებისთვის დაწესდება ჯარიმა 1,5 მილიონი რუბლის (დაახლოებით 20 ათასი დოლარის) ოდენობით, განმეორებითი დარღვევის შემთვევაში კი ქონების ჩამორთმევა მოხდება. ასევე დაგეგმილია სისხლის სამართლებრივი სასჯელის შემოღება.




jame-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930