გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას N8 (გლდანის) და N15 (ქსნის) პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული ინტენსიური PCR ტესტირების შედეგები გააცნო

26-01-2021

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე ინტენსიური PCR ტესტირების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ამჯერად გაგაცნობთ ორი დიდი დაწესებულების - N8 (გლდანის) და N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულებების ტესტირების შედეგებს. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გაკეთდა 2422 ტესტი, რომელთაგან დადებითი აღმოჩნდა 38. აქედან 8 პატიმარს გამოუვლინდა სიმპტომები და ისინი გადაყვანილი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, დანარჩენი 30 არის უსიმპტომო პაციენტი. ისინი დაწესებულების საკარანტინე სივრცეში იზოლაციაში არიან მოთავსებულები. ასევე იზოლაციაში მოთავსდნენ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა კონტაქტებს ყოველდღიურად უტარდებათ სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული მონიტორინგი - თერმოსკრინინგი, სატურაციის კონტროლი. ამასთან, ყოველ 72 საათში ერთხელ მოხდება მათი სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმება და შემდეგ PCR ტესტით ტესტირება.

„რაც შეეხება N15 დაწესებულებას ქსანში, აქ გაკეთდა 1735 ტესტი, საიდანაც დადებითი იყო 40, ასევე არის ცალკეული შემთხვევები, რომელზეც კვლევა გრძელდება. აღსანიშნავია, რომ 40 დადასტურებული პირი არიან უსიმპტომო პაციენტები, მათი ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო. ისინი იზოლირებულები არიან დაწესებულების დანარჩენი კონტინგენტისგან და სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. როგორც სამედიცინო პროტოკოლი ითვალისწინებს, თუ რომელიმე მათგანს გამოუვლინდა სიმპტომი, ისინი მყისიერად გადაყვანილი იქნებიან სამოქალაქო კლინიკაში. შესაბამისად, იზოლირებულები არიან მათი კონტაქტები. ამ ეტაპისთვის კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ინტენსიური ტესტირებების პროცესი ამ თვის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ტესტირება ჩატარებულია 10 პენიტენციურ დაწესებულებაში, სულ გაკეთდა 6654 და ჯამში გვაქვს 113 შემთხვევა“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930