26-01-2021
პანდემიის დაწყების პირველი დღეებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მებაჟე ოფიცრების მიერ გაწეული საქმიანობა, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი გამართულ ონლაინ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა კორონავიურსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და თითოეული მებაჟე ოფიცრის როლს.
„დღეს, მთელი მსოფლიო დგას გამოწვევის წინაშე, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩვენი თანამედროვეობა. COVID-19-ის ფართოდ გავრცელების პირველივე დღეებიდან, საქართველოს მთავრობამ დაიწყო ბრძოლა ორი ძირითადი მიმართულებით. ესაა ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის მინიმიზაცია. ჩვენ ერთად გამოვიარეთ ბრძოლის ყველა ეტაპი - ეს იყო ვირუსის გავრცელების შეკავება, შენელება და მართვა. ამჟამად, ვიმყოფებით შემსუბუქება-ადაპტაციის ფაზაში. ახლახან, ჩვენ დავამტკიცეთ შეზღუდვების მოხსნის, ასევე, ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა. თითოეულ ამ ეტაპზე, იცვლებოდა კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და COVID-19-ით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა. შესაბამისად, იცვლებოდა საზღვარზე გადაადგილების პროცედურები თუ სავალდებულოდ გასატარებელი ღონისძიებები. სწორედ, მებაჟე-ოფიცრების სწრაფი ადაპტაციის, მაღალი დისციპლინის, სხვა უწყებებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უნარ-ჩვევების წყალობით გახდა შესაძლებელი, საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ფუნქციონირების შეუფერხებლად გაგრძელება და ტრანზიტული გადაზიდვების მაჩვენებლის გაზრდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, სოციალური დისტანცირების პირობებში, სულ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა ციფრული საბაჟოს იდეამ და ბიზნეს პროცესების შეუფერხებელი მუშაობის აუცილებლობამ.
„საბაჟოს მიერ, ეფექტური ადმინისტრირების პროცესმა დაამტკიცა ციფრული საბაჟოსკენ აღებული გეზის მართებულობა. ციფრული ტრანსფორმაცია ჩვენი რეალობის შემადგენელი ნაწილი გახდა. აქედან გამომდინარე, ბიზნეს პროცესების შემდგომი ავტომატიზაცია, მომავლისკენ მიმართული, ნოვატორული გადაწყვეტილებები, წარმოადგენს ბიზნეს პროცესების უწყვეტობის გარანტიას. სავალდებულო სოციალური დისტანცირების პირობებში, საბაჟო ფორმალობების განხორციელება, გადაწყვეტილების მიღება და აღსრულება, შეუძლებელი იქნებოდა ელექტრონული საბაჟოს გამართული ფუნქციონირების გარეშე,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, საჭიროა მეტი რესურსები, რათა საბაჟომ შეძლოს თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლისა და სწრაფი აღდგენის პროცესის ხელშეწყობა და მხარდაჭერა.
„მისასალმებელია, რომ ამ მიმართულებით, მათ შორის, ჩვენი დონორებისა და პარტნიორების დახმარებით, გრძელდება მუშაობა და უმჯობესდება საბაჟოს მიერ გაწეული მომსახურებისა და კონტროლის ხარისხი. ამავე დროს, საჭიროა კიდევ უფრო მეტი რესურსი, რათა საბაჟომ შეძლოს თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლისა და სწრაფი აღდგენის პროცესის ხელშეწყობა და მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია სიღარიბის აღმოფხვრა. მებაჟე-ოფიცრებს ეკისრებათ საკვანძო როლი, რათა კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობითა და საგადასახადო შემოსავლების დროული მობილიზებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პროცესში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მინისტრმა ამ პროცესში ხაზი გაუსვა დონორებისა და პარტნიორების მხარდაჭერას.
„განსაკუთრებულია ჩვენი პარტნიორების როლი საბაჟოს განვითარებაში. საქართველო განაგრძობს საერთაშორისო ცნობადობის შენარჩუნებისა და გაზრდის კუთხით აქტიურობას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა და სხვა შესაბამის საერთაშორისო პლატფორმებზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის შესაბამისად, 2024 წელს ქვეყანა გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. ეს იქნება მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება რომლისთვისაც ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს რესურსების მობილიზება,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა პანდემიის პირობებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის, მადლობის სერტიფიკატები გადასცა პარტნიორი ორგანიზაციების - ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.