28-01-2021
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს შტაბ-ბინაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო.
შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა სტიუარტ პიჩმა გახსნა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა, არსებული უსაფრთხოების გარემო და მისიის გაგრძელებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები განიხილეს. ნატოს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე 185-ე შეხვედრების სესიას მასპინძლობს. ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უკვე გამართა შეხვედრები მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში (SHAPE), ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან და უცხოელ კოლეგებთან.