გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის ჩამოყალიბებაში მსოფლიოს ორი უმსხვილესი კომპანია მონაწილეობს

29-01-2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიუროს “IDOM” (ესპანეთი) და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელი კომპანიის “IBA” (ბელგია) წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტს ახორციელებენ. შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრის მშენებლობისა და განვითარების დეტალები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების სისტემაში ამ ეტაპზე ორი მსოფლიო დონის მეგა-პროექტი ხორციელდება – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში მიიღონ უმაღლესი დონის განათლება.

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების ანალოგს წარმოადგენს. მინისტრის თქმით, ეს მიდგომა შენარჩუნდება მომდევნო წლებში და უნივერსიტეტში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის. ყოველი მათგანი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელი პროფესორები კითხულობენ.

მინისტრმა უცხოელ სტუმრებთან ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამეცნიერო-კვლევით მხარეს. ამის დასტურია ადრონული თერაპიის ცენტრი. პროექტს აფინანსებს და ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებელი განთავსდება, რომელთა დამზადება და აწყობა ამჟამად სწორედ სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა, რომელიც იქნება რეგიონის მასშტაბით ერთადერთი, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება. იგეგმება, რომ საქართველო ჩაერთვება პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში.
მსოფლიოს წამყვანი მკვლევრები ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით უკვე მზად არიან ქართველ მეცნიერებთან ერთად ქუთაისში აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კერა.
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიურო „IDOM” 2020 წელს შეირჩა, რომელიც ადრონული და პროტონული ცენტრის შენობა-ნაგებობებს საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით დააპროექტებს.

IBA-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება კი 2020 წლის 28 იანვარს შევიდა ძალაში, რაც ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებლის – Proteus®ONE solution – შეძენასა და გრძელვადიანი ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას გულისხმობს. პროექტის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ფონდის წარმომადგენლები ვახტანგ ცაგარელი და თამარ დვალი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და კანცლერი მაგდა მაღრაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930