31-01-2021
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა, ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელ ხვიჩა ჩალაბაშვილთან ერთად, სოციალურად დაუცველ და მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტი გადასცა.
"ჩვენი ქვეყანა გლობალურ გამოწვევას და შექმნილ კრიზისს წარმატებით უმკლავდება. ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, აბსოლუტურად ყველა სახელისუფლო რგოლი მუშაობსკოორდინირებულად და ეფექტურად. თბილისის მერია, სოციალურად დაუცველი და მარტოხელა მოხუცებისთვის ბიზნეს სექტორისა და კერძო პირების მიერ შეგროვებული საკვები პროდუქტების დარიგებას განაგრძობს და ჩვენც, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელ ხვიჩა ჩალაბაშვილთან ერთად, ჩართულები ვართ აღნიშნულ სოციალურ კამპანიაში და ვაზისუბანსა და მე-8 ლეგიონში მცხოვრებ ხანდაზმულ და რისკის ჯგუფში მყოფი მოქალაქეებისთვის საკვების საცხოვრებელ მისამართზე მიტანას უზრუნველვყოფთ"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საკრებულოს წევრმა, კამპანიის მხარდაჭერისთვის, თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ რთული პერიოდის დაძლევა სწორედ ერთიანი ძალებით არის შესაძლებელი.
„კამპანიის მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც შემოწირულობა გაიღო. მჯერა, ერთიანი ძალებით მსოფლიო გამოწვევას უმოკლეს ვადაში დავამარცხებთ"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.