31-01-2021
ნამახვანჰესი ჩვენი ენერგეტიკის ერთ-ერთი საკვანძო პროექტია, რომელიც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში დაგვეხმარება, - ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის 430-მეგავატიანი ჰესი, რომლის კასკადის წლიური გამომუშავება დაახლოებით 1,5 მილიარდი კვტ საათია, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.
„ამ ციფრებიდანაც ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკულად ეს ობიექტი, რომელიც დაგვეხმარება შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება. მიმაჩნია, რომ ეს არის უმნიშნელოვანესი პროექტი არა მარტო ენერგეტიკისთვის, არამედ ეკონომიკისთვის. მოგეხსენებათ, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე ეკონომიკურად რთული ვითარებაა და შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკა ბევრ ასეთ პროექტს საჭიროებს, რათა მომდევნო წელს ეკონომიკურად უფრო ძლიერები შევხვდეთ", - აღნიშნა ენერგეტიკის ფონდის დირექტორმა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ნამახვან ჰესის მშენებლობას კომპანია „ენკა" ახორციელებს. პროექტში განხორციელდება 800 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია და დასაქმდება 2000 - მდე ადამიანი, ძირითადად, რიონის ხეობის სოფლების მოსახლეები. გარდა ამისა, ინვესტორი კომპანია ხეობაში გეგმავს მთელი რიგი სოციალური პროექტების განხორციელებას, მათ შორისაა, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა, ხეობის ცალკეული სკოლების რეაბილიტაცია და სხვ.