გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში კოვიდის წინააღმდეგ აცრებს 40 ბრიგადა განახორციელებს

2-02-2021

პრემიერ-მინისტრთან იყო შეხვედრა სწორედ ვაქცინაციის გეგმასთან და ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ საქართველომ მიიღო დასტური COVAX პლატფორმიდან, რომ თებერვლის მეორე ნახევარში მიიღებს პირველ პარტიას Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის, ეს გახლავთ 29 250 დოზა. მოგეხსენებათ, რომ ის ორჯერ კეთდება, აქედან გამომდინარე ის ეყოფა დაახლოებით 14 000 ადამიანს და ჩვენი იმუნიზაციის გეგმის მიხედვით ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ჯგუფი, ვინც პირველ ეტაპზე უნდა აიცრას გახლავთ მედიცინის მუშაკები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, უკვე დაწყებულია მონაცემების შეგროვება და დღეს დილისთვის, შესაბამის პორტალზე უკვე ატვირთულია 27 000 ადამიანის მონაცემები.

„ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და მათ შორისაც ხდება პრიორიტეტიზაცია, რადგან მთლიანად საქართველოში მთლიანად 75 000 მედიცინის მუშაკი მუშაობს, აქედან ჩვენს გეგმაში სამიზნე გახლავთ 49 000 – 60%, რადგან მოგეხსენებათ ჩვენი სამიზნე ამ წლის განმავლობაში არის 60%. უკვე დაწყებულია მათი მონაცემების შეკრება დღეს დილით 27 000 მონაცემი იყო სპეციალურ პორტალზე ატვირთული, სამედიცინო დაწესებულებების მიერ, რომლებიც მიცემული ინსტრუქციის მიხედვით თვითონ ახდენენ პრიორიტეტიზაციას, მაღალი პრიორიტეტის ანუ, ვინც უშუალოდ კოვიდავადმყოფებთან მუშაობენ, საშუალო და დაბალი პრიორიტეტის ადამიანები. შემდგომ პროცესი აეწყობა ისე, რომ ეს მონაცემთა ბაზა შედარდება კოვიდინფიცირებულთა მონაცემთა ბაზასთან და ვისაც გასული წლის განმავლობაში დადასტურებული ჰქონდა კოვიდინფექცია, მინისტრის ბრძანება გულისხმობს, რომ კოვიინფექციის დადასტურებიდან 3 თვის შემდეგ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანების აცრა. კოვიდინფექცია არ წარმოადგენს წინააღმდეგ ჩვენებას აცრის, მაგრამ მწვავე ან ქვემწვავე პერიოდში, ანუ გადატანის შემდგომ დავთქვით, რომ 3 თვის განმავლობაში ნუ ავცრით ამ ადამიანებს. აქედან გამომდინარე ეს ადამიანებიც გამოაკლდება", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საჭიროებს ულტრადაბალ ტემპერატურაზე შენახვას -70-80 გრადუსზე, ამიტომ შემოსული ვაქცინა დასაწყობდება დაავადება კონტროლის ცენტრის თბილისის, სასაწყობე მეურნეობაში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში, სადაც შესაბამისი პირობებია მოწყობილი. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულია, დაახლოებით, 10-მდე საავადმყოფო და კიდევ 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მოხდება აცრები, დაახლოებით, 40 ბრიგადის მიერ.

„მოგეხსენებათ, რომ აცრა ნებაყოფლობითია და ჩვენ ველოდებით, რომ შეირჩევა სწორედ ეს ჯგუფი, დაახლოებით 14 000 ადამიანი, ვინც პირველ ეტაპზე აიცრებიან. რადგან ეს არის Pfizer-ის ვაქცინა და ის საჭიროებს ულტრადაბალ ტემპერატურაზე შენახვას -70-80 გრადუსზე, ამის საშუალება დღეს ჩვენ გვაქვს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ამიტომ შემოსული ვაქცინა დასაწყობდება დაავადება კონტროლის ცენტრის თბილისის, სასაწყობე მეურნეობაში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში. ეს ვაქცინა, უკვე გალღობის შემდეგ, 5 დღის განმავლობაში, შეიძლება შეინახოს ჩვეულებრივ, მაცივრის ტემპერატურაზე, ამიტომ, ზუსტი გათვლები იქნება. ამ ეტაპზე აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. სამინისტროს მიერ შერჩეულია, დაახლოებით, 10-მდე საავადმყოფო და კიდევ 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მოხდება აცრები, დაახლოებით, 40 ბრიგადის მიერ. თითოეული ბრიგადა შედგება 3 ადამიანისგან - ამცრელი, ექიმი, ვინც ეკითხება პიროვნებას, სპეციალურად შემუშავებული კითხვარით და ასევე, რეგისტრატორი, ვისაც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში შეაქვს შემდგომ პიროვნების მონაცემები. თითოეული ბრიგადისთვის გათვლილია, რომ უნდა აიცრას 40-42 ადამიანი, შესაბამისად, დღის განმავლობაში, ვფიქრობთ, რომ აიცრება 1 000-მდე ადამიანი ამ 40 ბრიგადის მიერ და ამ 14 000 ადამიანის აცრას, 1 აცრას, დაახლოებით ვანგარიშობთ, დასჭირდება 2 კვირა. 3 კვირის შემდეგ, კიდევ, თითოეული ადამიანი დაბარებული იქნება - როგორც შეხსენება მიუვა SMS-ით, ასევე მიეცემა სპეციალური ფორმა, რომ 3 კვირის შემდეგ ისევ უნდა მოვიდეს და ვაქცინის მე-2 დოზა გაიკეთოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კოვიდის საწინააღმდეგო აცრები საქართველოში უკვე თებერვალში დაიწყება. გაგრძელდება, პირველ რიგში, ისევ პრიორიტეტული პირველი ჯგუფის - სამედიცინო პერსონალის აცრა, შემდეგ ამას უკვე მოჰყვება მოხუცთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი და შემდეგ უკვე ასაკობრივი გრადაციაა - 75 წელს ზემოთ, 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ 55 წელს ზემოთ მოსახლეობა და ა.შ."- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930