4-02-2021
ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრ გახარიას მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის მეთაურის პოსტზე ჩემი კანდიდატურის წარდგენა; მე გავაკეთებ მაქსიმუმს, რათა მისი ნდობა და მანდატი გავამართლო, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა ქემოკლიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კახა ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ შეძლებისდაგვარად ღია იქნება მედიასთან კომუნიკაციაში, რათა თანამშრომლობა იყოს მაქსიმალურად პროფესიონალური, გამჭვირვალე და სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული.
„მედიასთასთან კომუნიკაციის ნაწილში, შეძლებისდაგვარად გახსნილი ვიქნები, რათა ჩვენს შორის თანამშრომლობა იყოს მაქსიმალურად პროფესიონალური, ღია, გამჭვირვალე და, რაც მთავარია, სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული. ზუსტად იცოდეთ, რომ თქვენს პროფესიას ძალიან ვაფასებ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა განვითარდება", - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
კახაბერ ქემოკლიძეს საჯარო სამსახურში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დანიშვნამდე, 2019 წლის ივლისიდან, კახაბერ ქემოკლიძე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
2018-2019 წლებში იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
2015-2018 წლებში, კახაბერ ქემოკლიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და ამავე დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციებს იკავებდა.
2011 წელს, მან კარიერა შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოში უსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსის პოზიციით დაიწყო. 2012-2015 წლებში ის, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, ხოლო მოგვიანებით ოკუპირებული ტერიტორიების მონიტორინგისა და ანალიზის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციებს იკავებდა.
2012-2018 წლებში, კახაბერ ქემოკლიძე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს (მოგვიანებით სუს-ის) სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და ცენტრალური მთავრობის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრებზე.
ასევე, 2016-2018 წლებში, კახაბერ ქემოკლიძე ასრულებდა ცენტრალური ხელისუფლების სპეციალური წარმომადგენლის ფუნქციას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებაზე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრებზე.
კახაბერ ქემოკლიძემ 2005 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკურ და პოლიტიკურ გეოგრაფიაში;
2007 წელს მან მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი;
2010 წელს კახაბერ ქემოკლიძემ ევროკომისიისგან სრული სტიპენდია მოიპოვა და სწავლა განაგრძო ლეიდენის უნივერსიტეტში (ლეიდენი, ნიდერლანდები), სადაც 2011 წელს მან მიიღო მაგისტრის ხარისხი ევროპისმცოდნეობის განხრით;
კახაბერ ქემოკლიძე მონაწილეობდა სხვადასხვა სპეციალურ ტრენინგში/ კურსებში. 2011 წელს მან წარმატებით დაასრულა მონტესკიეს ინსტიტუტის ჟან – მონეს შემოქმედების ცენტრის (ჰააგა, ნიდერლანდები) 4-თვიანი აკადემიური მასტერკლასი ("ევროპა პრაქტიკაში").
2008 წელს მან აშშ-ის მთავრობის სრული სტიპენდიით სტაჟირება გაიარა არასამთავრობო ორგანიზაციაში - "EarthCorps" (სიეტლი, ვაშინგტონის შტატი, აშშ);. 2006 წელს, ნორვეგიის მთავრობის სრული სტიპენდიით კახაბერ ქემოკლიძემ გაიარა 2-თვიანი აკადემიური კურსი - "ენერგეტიკის დაგეგმვა და მდგრადი განვითარება" ოსლოს უნივერსიტეტში (ოსლო, ნორვეგია).
იგი არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი; ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.