9-02-2021
უკანასკნელ პერიოდში, საბანკო დაწესებულებებიდან კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევების ზრდის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომელთა შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის სანაცვლოდ, ბანკიდან კრედიტის მიღების მსურველ ერთ-ერთ პირს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი, რომლის თანახმადაც, მოქალაქეს ხელფასის სახით ყოველთვიურად ვითომდა ერიცხებოდა 2 740 (ორი ათას შვიდას ორმოცი) ლარი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხა, ოც სხვადასხვა პირზე გაცემული ყალბი საბანკო ამონაწერები და ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად განკუთვნილი ერთ-ერთი კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შტამპები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე და 208-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.