12-02-2021
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა აქვეყნებენ საზოგადოებრივი აზრის პირველი ფართომასშტაბიანი გამოკითხვის შედეგებს კლიმატის ცვლილების შესახებ
საქართველოს მოსახლეობას კარგად ესმის, რომ კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და კეთილდღეობას. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება გარემოსადმი მეგობრულ ცხოვრების წესზე გადასვლას მოითხოვს, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილი მზადაა პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით.
ეს და სხვა მიგნებები შესულია საზოგადოებრივი აზრის ფართომასშტაბიანი გამოკითხვის ანგარიშში „რა იცის საქართველოს მოსახლეობამ კლიმატის ცვლილების შესახებ", რომელიც ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დღეს გამოაქვეყნეს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა განახორციელა კავკასიის გარემოსდაცვითმა ცენტრმა (REC Caucasus) ევროკავშირისა და UNDP-ის დაკვეთით. კვლევის შედეგები ეყრდნობა 1,100 პირისპირ ინტერვიუს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში 2020 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარდა.
კვლევის ძირითადი მიგნებები ასახავს ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას კლიმატის ცვლილების მიმართ:
გამოკითხულთა 98 პროცენტს სმენია კლიმატის ცვლილების შესახებ.
94 პროცენტი ამბობს, რომ კლიმატის ცვლილება ისეთივე გავლენას ახდენს საქართველოზე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე.
91 პროცენტი აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილება რეალობაა და არა მითი.
85 პროცენტი კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციას თვეში ერთხელ მაინც ეცნობა.
72 პროცენტი ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილების გავლენა უკვე იგრძნობა.