12-02-2021
მე ამას ვაფასებ როგორც პოლიტიკურ ხულიგნობას, მეტს არაფერს. ადამიანებს, როდესაც ნორმალური პოლიტიკური კონტენტის შექმნა არ შეუძლიათ, შინაარსობრივ დებატში შემოსვლა არ შეუძლიათ, ისინი უბრალოდ პოლიტიკურად ხულიგნობენ. ვიღაც ხულიგნობს საქართველოში, ვიღაც პოლიტიკურად ხულიგნობს ქვეყნის გარედან, ამას რა მნიშვნელობა აქვს.
ჩვენი მოქალაქეები ამ ყველაფერს ხედავენ და აფასებენ. ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, ვინ ზრუნავს მათზე და რას ნიშნავს ადამიანებზე ზრუნვა. ეს ყველაფერი არჩევნებშიც აისახა. პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც უზარმაზარი ამბიციები ჰქონდათ, 2 და 3 პროცენტს ძლივს აცდნენ - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას ოპოზიციის წევრების მხრიდან რეგულაციების დარღვევისკენ მოწოდების შესახებ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, პოლიტიკურ ველზე არსებული პოლარიზაცია საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს და უსაფრთხოებას,
„ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ დროს ვკარგავთ. ეს პოლარიზაცია, რომელიც დღეს პოლიტიკურ ველზეა, სამწუხაროდ ხდება ქვეყნის მომავლის და უსაფრთხოების პრობლემა. ყველამ ნება უნდა იბოძოს, გაიაზროს პასუხისმგებლობა, იმდენი ტვინი თუ არ აქვს, რომ ეს პასუხისმგებლობა გაიაზროს, იმ მოქალაქეებს მაინც მიაქციოს ყურადღება, რომლებმაც მას ხმა მისცეს და ნება იბოძოს, შევიდეს და იყოს იქ, სადაც კეთდება პოლიტიკა და არა ქუჩაში",-განაცხადა გიორგი გახარიამ.