გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პენიტენციური სამსახური "მთავარ არხს" სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

15-02-2021

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი სამარტოო საკანში ჯაჭვით არის დაბმული, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები მას თავში ნემსებს უკეთებენ და გაურკვეველ წამლებს ძალის გამოყენებით ასმევენ, რის გამოც პატიმარს სუიციდის მცდელობაც ჰქონდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სრული სიცრუე. ამასთან, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სიმართლის დადგენის მიზნით, სამსახური მოუწოდებს სახალხო დამცველს, შეისწავლოს მოცემული შემთხვევა და დაინტერესების შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს სახალხო დამცველის აპარატისთვის ვიზუალური ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ მასალის გაცნობას.

"მსჯავრდებული თ.ე. (დაბ. 1992 წ.), რომელსაც სავარაუდოდ გულისხმობს სიუჟეტის ავტორი (ვინაიდან სწორედ მოცემული მსჯავრდებულის დედა და ადვოკატი იყვნენ სიუჟეტის რესპოდენტები), გასამართლებულია საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მეოთხე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 237-ე მუხლის პირველი ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), მისი მაკომპლექტებელი დეტალის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა) და N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება 2020 წლის 24 იანვრიდან ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული თ.ე. ავლენდა აგრესიას სხვა მსჯავრდებულების მისამართით, რამდენჯერმე მიიყენა თვითდაზიანება და ხშირ შემთხვევაში უარს აცხადებდა სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, ასევე არასოდეს განმარტავდა, რა გახდა თვითდაზიანების მიყენების საფუძველი.

2020 წლის 4 თებერვალს ჩაუტარდა ნარკოლოგის კონსულტაცია და დაესვა დიაგნოზი: სხვადასხვა სახის ნივთიერების ერთდროული მოხმარებით და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი; ფსიქოაქტიური ნივთიერებებისადმი დამოკიდებულების სინდრომი. ამასთან, დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებულს არაერთხელ აქვს ჩატარებული ფსიქიატრის კონსულტაცია, დასმული აქვს დიაგნოზი: პერსონოლოგიური აშლილობა და ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა.

ვინაიდან სასჯელის მოხდის პერიოდში თ.ე.-ს არაერთხელ მოუვიდა დაპირისპირება თანამესაკნეებთან, სხვა მსაჯვრდებულებთან დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით ამჟამად თ.ე. მოთავსებულია მარტო 2-კაციან საკანში, რომელზეც ხორციელდება 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა. ამასთან, სხვა პატიმრებთან თ.ე.-ს დაპირისპირების ფაქტებთან დაკავშირებით დადგენილი წესით გაგზავნილია შეტყობინებები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. მიმდინარე წლის 14 თებერვალს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა საგამოძიებო ჯგუფი. სავარაუდოა, რომ მსჯავრდებულმა მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით ოჯახის წევრებს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომ მასზე პენიტენციურ დაწესებულებაში ხდებოდა ძალადობა, რათა ამ გზით ზეწოლა მოახდინოს საგამოძიებო უწყებაზე" - აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930