18-02-2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება.
მისი კანდიდატურა დღეს პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
"დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე.
ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა თავიდაპირველად შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახლა კი მას ეკავა თავდაცვის მინისტრის პოზიცია. მისი მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები. ის არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მინდა წარმატებები ვუსურვო ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდება კანონით გათვანისწინებულ უმოკლეს ვადებში" - განაცხადა კობახიძემ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დღეს დატოვა, მიზეზად კი, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ გუნდში არსებული შეუთანხმებლობა დაასახელა.