20-02-2021
პარლამენტის კომიტეტებში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. დეპუტატებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის სამთავრობო პროგრამა მოისმინეს.
,,გარემოსდაცვითი ღონისძიებების მიმართულებით უკანასკნელ პერიოდში არაერთი რეფორმა გატარდა, მოხდა დაცული ტერიტორიების გაფართოება და 2012 – 2020 წლებში დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 288 539.5 ჰა-ით. განხორციელდა სატყეო სექტორის რეფორმა და მივიღეთ ახალი ტყის კოდექსი. ამ მნიშვნელოვანი რეფორმისთვის მოვიპოვეთ უპრეცედენტო საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერაკლიმატის მწვანე ფონდმა (GCF) საქართველოს გამოუყო 33 მილიონი ევრო.
ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, 2017 წლიდან მოქმედებს საწვავის მაღალი სტანდარტი და კონტროლდება მისი ხარისხი.
სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და გამონაბოლქვის კონტროლის ახალი ევროპული სისტემის დანერგვის მიზნით შემუშავდა და საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები. დამტკიცდა 2020-2022 წლების ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა - 60 მილიონი ლარი დაიხარჯება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის;
განხორციელდა ფუნდამენტური რეფორმა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში.
ევროპული მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა და პარლამენტის მიერ 2 მოსმენით მიღებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი. ჩვენ სრულიად ვცვლით სახელმწიფო კონტროლის ფორმას და ეს იქნება გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციაზე ორიენტირებული სისტემა.
ასევე, ჩამოყალიბდა ნარჩენების მართვის თანამედროვე, ევროპულ პრინციპებთან შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა; მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიზნით მიღებული იქნა ახალი რეგულაციები.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.