გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ოთხპუნქტიანი გეგმის მეშვეობით ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ და შემდგომ სამი წელში შევძლებთ ბევრი რამ შევცვალოთ უკეთესობისკენ

27-12-2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვლმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გასული წელი შეაჯამა.
პრემიერის განცხადებით, მიმდინარე წლის მთავარი მიღწევა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მიღებაა, რაც მისი თქმით, მთელი მმართველი გუნდის მიღწევაა. 
კვირიკაშვილის თქმითვე, მტავრობის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად კვლავ ნატოში ინტეგრაცია და აშშ-თან თანამშრომლობა რჩება.
„დღეს მთავრობის პირველი სხდომაა განახლებულ ფორმატში, განახლებული შემადგენლობით და მინდა, მოკლედ შევაჯამო გასული წელი, შევეხო რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს.
უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ახალ მანდატს და წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. 
მოგეხსენებათ, ამ ცვლილებების მიზანი იყო უფრო მოქნილი და უფრო ეფექტიანი მთავრობა და დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებების შედეგს ჩვენ მომავალში არაერთხელ დავინახავთ. 
ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი გუნდის ცენტრალური, მთავარი პრიორიტეტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ ვექტორიდან გამომდინარეობს წამყვანი ხაზი იმ რეფორმებისა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და ეს ვექტორი განსაზღვრავს ჩვენი შიდა რეფორმების უდიდეს ნაწილს. 2017 წელს მთავარი მიღწევა ამ მიმართულებით იყო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც მთელი გუნდის ძალიან დიდი წარმატებაა. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი მიმოსვლა - ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი ევროკავშირის მხრიდან - საქართველოს მიმართ ნდობის გამოხატვა. 
ჩვენ გვაქვს შორს მიმავალი მიზნები. საქართველოს საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ახალი დღის წესრიგით მოქმედებას, რომელსაც ჰქვია საგზაო რუკა ევროკავშირისკენ. ის გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულება და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი წარმატებით განვახორციელებთ ჩვენს პროგრამას. 
ამავე დროს, ნატოში ინტეგრაცია და აშშ-თან თანამშრომლობა რჩება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად. რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით, პარალელურად, ეს ურთიერთობა გაღრმავდება და ამ კუთხითაც ბევრი წარმატება გვაქვს. 
კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ და რომელსაც ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, რჩება ჩვენთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად და, რა თქმა უნდა, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა ასევე იქნება სტრატეგიული ხაზი ჩვენი მთავრობისთვის. 
ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც გახლავთ ყოვლისმომცველი ნაბიჯების ერთობლიობა, განსაზღვრული იმისთვის, რომ დროის მაქსიმალურად შემჭიდროებულ მონაკვეთში შევცვალოთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე, რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროგრამის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად რჩება. 2017 წლის განმავლობაში ოთხპუნქტიანი გეგმა, რა თქმა უნდა, იყო წამყვანი ჩვენი მთავრობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ოთხპუნქტიანი გეგმის მეშვეობით, ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ და შემდგომი სამი წლის განმავლობაში შევძლებთ, თვისობრივად ბევრი რამ შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში უკეთესობისკენ. 
მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა იყო 4,9%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გადალახა 2014 წლის შემდგომი გარე ეკონომიკური შოკის პერიოდი და ვფიქრობთ, მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2017 წლის 9 თვეში შეიქმნა 38 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. 
მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცენტრალური იყო ოთხპუნქტიან გეგმაში, ბიზნესს მისცა საშუალება, 500 მილიონ ლარზე მეტი საინვესტიციო რესურსი დაეზოგა. ეს რესურსი მიმართული იყო ეკონომიკაში, რამაც დიდწილად გამოიწვია ეკონომიკური ზრდის მაღალი დინამიკა. მომავალი წლიდან, ელექტრონული ფორმის შევსების შედეგად, სულ 5-7 სამუშაო დღეში იქნება შესაძლებელი დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნება“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, წლევანდელი წელი ყველაფერთან ერთად საგარეო-ეკონომიკური მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

„ასევე, 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, რაც ფინანსურ სექტორს კიდევ უფრო მდგრადს გახდის, დაზოგვის მაჩვენებელს გააუმჯობესებს ჩვენს ქვეყანაში და ფინანსური სექტორისადმი ნდობას კიდევ უფრო გაამყარებს. ამ რეფორმას მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. 
2018 წელს ასევე მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება ერთიანი მომსახურების სივრცის - ბიზნესსახლის პროექტის მიმართულებით და ასევე, გავააქტიურებთ სტარტაპების დაფინანსების დაწყებულ პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით - ახალგაზრდებისთვის. 
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო წლევანდელი წელი საგარეო-ეკონომიკური მიმართულებით. მოგეხსენებათ, საქართველომ ძალიან წარმატებით დაიწყო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების განხორციელება და ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა. ჩვენს ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო მეტი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მწარმოებელი ითვისებს იმ პოტენციალს, რომელსაც ევროპის ბაზარი იძლევა და ეს ნამდვილად გასახარია. 
ასევე, ჩვენ უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება გავაფორმეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, ამ ხელშეკრულების ნაყოფს ჩვენ ვიგრძნობთ 2018 წლის განმავლობაში. ამ ხელშეკრულებამ, ამოქმედებამდე მოიტანა ეფექტი და წელს ჩვენ 7 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავყიდეთ ჩინეთის ბაზარზე. ჩვენი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის დივერსიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს შეუქცევადად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ რისკები საგარეო ვაჭრობისა და ექსპორტის კუთხით გვქონდეს განაწილებული. 
ასევე, დავასრულეთ მოლაპარაკებები ჰონგ-კონგთან თავისუფალ ვაჭრობაზე და ვიწყებთ მოლაპარაკებებს ინდოეთთან. 
ასევე, დაწყებულია მუშაობა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. წელს ჩვენ უპრეცედენტოდ მაღალი გვქონდა ამ მიმართულებით ბიუჯეტის ათვისება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ინფრასტრუქტურა არის ეკონომიკის აბსოლუტურად ყველა დარგის წამახალისებელი და ინფრასტრუქტურის განვითარების ეფექტი მთლიანად ეკონომიკაზე ძალიან მაღალია“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031