21-02-2021
მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 224.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 74.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.4 პროცენტით შემცირდა და 166.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 82.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ბულგარეთი (26.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (25.3 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (20.6 მლნ. აშშ დოლარი).
იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 49.7 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 29.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 23.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს მინერალური და მტკნარი წყლები 8.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 5.3 პროცენტი).