21-02-2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა 2021 წელს საქართველოში გასამართ საერთაშორისო ტურნირებზე და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სპორტსმენების სასტიპენდიო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, საქართველომ შეიძინა მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობის კარგი გამოცდილება და სპორტული ორგანიზაციები სამინისტროს მხარდაჭერით, პანდემიის მიუხედავად, ახლაც აგრძელებენ საერთაშორისო ტურნირების მიღებას, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილი პროტოკოლის სრული დაცვითა და საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან ერთად გაწერილი სამოქმედო გეგმით.
მაგალითისთვის გამოდგება თბილისის სპორტის სასახლეში 19-21 თებერვალს გამართული კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები. ეს იყო ტესტი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წინ, რომელსაც თბილისი 2022 წელს უმასპინძლებს.
მნიშვნელოვანია, რომ სპორტული შეჯიბრებების საქართველოში ჩატარების გადაწვეტილება, საერთაშორისო სპორტულმა ფედერაციებმა ჩვენს ქვეყანაში არსებული კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებითაც მიიღეს.
საქართველოში უახლოეს პერიოდში ჩასატარებელი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებიდან, გამოსარჩევია თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში ბაკურიანში გასამართი „სკი-ქროსის“ მსოფლიო თასის ეტაპები. ასევე, მარტის ბოლოს გასამართი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი – ძიუდოს გრან სლემი, რომელსაც საქართველო პირველად უმასპინძლებს.
გარდა ამისა, უახლოეს წლებში საქართველო მიიღებს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდში და ამავე წელს, რუმინეთთან ერთად ჩაატარებს ევროპის ჩემპიონატს 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წელს გაფართოვდა ოლიმპიურ ჩემპიონთა მხარდაჭერის პროგრამა. ბენეფიციართა ნუსხას დაემატა ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების პრიზიორები და სპორტის ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები. სულ ჯამში ბენეფიციართა რაოდენობა 33-დან 122-მდე გაიზარდა, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი საამაყო სპორტსმენებისა და ვეტერანების მხარდაჭერის კუთხით.
მიხეილ ჩხენკელმა, ასევე ხაზი გაუსვა ტოკიოში გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ჩვენი სპორტსმენები სამინისტროს სრული მხარდაჭერით სარგებლობენ, რისი საუცხოო დასტურიც გახლავთ სპორტული წლის წარმატებული დასაწყისი და საერთაშორისო და, მათ შორის, სალიცენზიო ტურნირებზე მოპოვებული არაერთი მედალი.
აღსანიშნავია, რომ მედლების თვალსაზრისით, სარეკორდო იყო 2019 წელი, ხოლო 2020 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა პანდემიის პირობებშიც კი, არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვეს.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტრომ შეიმუშავა მომდევნო 10 წლის განმავლობაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია და სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად აქცია. პანდემიის მიუხედავად, თბილისსა და რეგიონებში მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ შეჩერებულა.
ბათუმში აშენდა 20.000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს მე-4 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი. ბათუმშივე მალე დასრულდება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ხოლო თბილისში შენდება 10 000 მაყურებელზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების კალათბურთის დარბაზი, რომელიც 2022 წელს ევრობასკეტს უმასპინძლებს.
მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ადგილი დაუთმო პარასპორტსმენებზე საუბარს და აღნიშნა, რომ პარასპორტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ თბილისში იგეგმება ახალი, ეროვნული პარაცენტრის მშენებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს პარასპორტის კიდევ უფრო განვითარებას.