გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი: მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით მაქს პლანკის უნივერსიტეტების მოდელი დაინერგება

21-02-2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოში მეცნიერების განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი იქნება მსოფლიო მასშტაბისა და დონის კერა აკადემიური და სამეცნიერო კვლევების ჩატარებისათვის. მალე უნივერსიტეტში იქნება ძალიან საინტერესო სადოქტორო პროგრამა ბირთვულ ფიზიკაში, რომელსაც ჩვენ იულიხის კვლევით ცენტრთან, ასევე, კიოლნისა და ახენის უნივერსიტეტებთან ერთად განვახორციელებთ.

CERN-თან გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა და ამ პროცესში რამდენიმე უნივერსიტეტია ჩართული, მათ შორის, ტექნიკური უნივერსიტეტი. თუმცა ამ მიმართულებით, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია მასშტაბების გაზრდა და გაფართოება.

რაც შეეხება ზოგადად მეცნიერების განვითარებას, მიგვაჩნია, რომ მოდელი, რომელიც დაინერგა გერმანიაში, კერძოდ, მაქს პლანკის უნივერსიტეტების მოდელი, არის უაღრესად საინტერესო, განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში. ის გულისხმობს მეცნიერების კლასტერულ განვითარებასა და მომიჯნავე დარგების ერთი სივრცის ქვეშ ურთიერთთანამშრომლობას. ეს ბადებს ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს კვლევისთვის, რადგანაც ახალი იდეების გენერირება ხდება მაშინ, როდესაც მომიჯნავე დარგების მეცნიერები ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს.

ასევე მსურს აღვნიშნო, რომ დიღომში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ კუთვნილ ტერიტორიაზე, სადაც შენობა თითქმის უკვე დამთავრებულია, „ქართუ ჯგუფის“ ხელშეწყობითა და დაფინანსებით შევქმნით სამეცნიერო კვლევის პირველ კლასტერს, სადაც წარიმართება კვლევები ბირთვულ და ზოგადად თეორიულ ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასეთი კლასტერები და მაქს პლანკის მოდელი იქნება არა მხოლოდ საბუნებისმეტყველო საგნებში, არამედ ჰუმანიტარულ დარგებშიც. ქართველოლოგიას ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ. ეს იქნება სამეცნიერო კვლევითი პროცესის მენეჯმენტის ახალი მოდელი.

რაც შეეხება ჩვენს ღვაწლმოსილ მეცნიერებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი ფონდი, რომელსაც თვალის ჩინივით მოფრთხილება სჭირდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სისხლი, ახალგაზრდები ახალი იდეებით ჩვენი მზრუნველობის ერთ-ერთი უმთავრესი სეგმენტია და რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად გვსურს, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გავაკეთოთ ცალკე კონკურსები და პროგრამები. ცხადია, ახალგაზრდა მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა სხვა კონკურსებშიც, სადაც უკვე კორიფეებიც მონაწილეობენ, მაგრამ მათთვის წახალისების მიზნით, შემუშავდება ცალკე კონკურსებიც“.

მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლების მართვის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ რექტორთა საბჭო, რომელსაც იგი თავად ხელმძღვანელობს და რომლის წევრები საქართველოში არსებული ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის რექტორი არიან, რეგულარულად იკრიბება და იხილავს მიმდინარე საკითხებს, პანდემიის დროს წარმოშობილ გამოწვევებს. შემდგომი განსახილველი საკითხი იქნება კარდინალური ცვლილება უნივერსიტეტების დაფინანსებაში, რომ მათი საბაზო დაფინანსება და უნივერსიტეტების ფინანსური კეთილდღეობა არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ სტუდენტების რაოდენობაზე.

„მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ლაბორატორიები უნივერსტიტეტების ძალიან დიდი გამოწვევაა და ერთადერთი სწორი გზა ამის გადაწყვეტის არის ის, რომ ყველა უნივერსიტეტს ამ სპეციალურად შემუშავებულ კომპონენტებზე დაფუძნებული გამოთვლის მიხედვით მიეცეთ საბაზო დაფინანსება, რომელიც მოხმარდება როგორც აკადემიურ პროცესს, ასევე, სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიების მოწყობასა და აღჭურვას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საქართველო აქტიურად ემზადება Horizon Europe-ის საგრანტო პროცესში ჩასართავად. მისი თქმით, ეს საკმაოდ საინტერესო და რთულად მოსაპოვებელი, ამავდროულად, მასშტაბური საგრანტო დაფინანსება უნდა იყოს მიმართული საქართველოში კვლევითი ცენტრებისა და მეცნიერების განვითარებისაკენ. მნიშვნელოვანია, რომ Horizon Europe-ის ფარგლებში წარდგენილ საგრანტო პროექტებში ჩართული იყოს სხვა სახელმწიფოები, ევროპის წამყვანი ქვეყნები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930