22-02-2021
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა. მან სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტაში” სამხედრო ტექნიკის - სამედიცინო დაჯავშნული მანქანების, ასევე შაშხანებისა და დრონების წარმოებაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედრო წარმოების კუთხით უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზეც ისაუბრა.
მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. “მე გახლდით ვიზიტით, სულ რაღაც ორი კვირის წინ ჩეხეთსა და პოლონეთში. ჩვენ ვგეგმავთ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობას “დელტას” ბაზაზე და იმედი გვაქვს, რომ ავაწყობთ ერთობლივ საწარმოებს”, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივ სამხედრო წარმოებაზე, კერძოდ, „დელტას“ საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2020 წელს თავდაცვის უწყებამ „დელტადან“ 40 ავტომანქანა მიიღო. მისივე განმარტებით, მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა.