გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისია: დეპუტატი ინჯია კანონდარღვევის დამალვას რეესტრში დაჩქარებული ცვლილებით შეეცადა

25-02-2021

საქართველოს პარლამენტის წევრის - ფრიდონ ინჯიას განცხადება, რომ კომუნიკაციების კომისიას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, თავად წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, აღნიშნულს კი საჯარო რეესტრის 24 თებერვლის ამონაწერი ადასტურებს. საჯარო რეესტრის ამონაწერი ცხადყოფს, რომ ფრიდონ ინჯია შპს „სისტემ ნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას 2021 წლის 24 თებერვლამდე იკავებდა. სამეწარმეო რეესტრში ცვლილება ფრიდონ ინჯიამ არა დეპუტატობიდან კანონით დადგენილ 10 დღის ვადაში, არამედ მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის მიერ 23 თებერვალს გაკეთებული განცხადების შემდეგ დაჩქარებული წესით 24 თებერვალს განახორციელა. ცვლილების შეტანისთანავე ინჯიამ მორიგი შეცდომაში შემყვანი განცხადება გაავრცელა, თითქოს აღნიშნული არა 24 თებერვალს, არამედ მანამდე ჰქონდა გაკეთებული - ამის შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

"აღნიშნული ცვლილების დაჩქარებული წესით განხორციელების მიუხედავად, დეპუტატ ინჯიას კვლავ რჩება ინტერესთა კონფლიქტი და ის აგრძელებს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევას. საგულისხმოა, რომ სამეწარმეო რეესტრში ცვლილება ინჯიამ სწორედ მას შემდეგ გააკეთა, რაც კომუნიკაციების კომისიამ ინტერესთა კონფლიქტისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაზე მიუთითა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ფრიდონ ინჯია 2021 წლის 24 თებერვლამდე იყო შპს „სისტემ ნეტის" (ს/კ 205267423) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, აღნიშნული კი წარმოადგენს „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევას. ამავე კანონის ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად კი „თანამდებობის პირი და მისი ოჯახის წევრი ვალდებულია ამ თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა."

ამასთანავე, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ 2021 წლის 24 თებერვლიდან ფრიდონ ინჯიას სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგომის მიუხედავად იგი, მისი ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები კვლავ რჩებიან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების წილის მფლობელებად, მიუხედავად იმისა, რომ წილების ფლობა არ წარმოადგენს კანონდარღვევას ფრიდონ ინჯიას, როგორც პარლამენტის წევრს, კვლავ აქვს ვალდებულება დაიცვას „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი", რაც სწორედ იმას გულისხმობს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა პარლამენტის წევრის სტატუსი თავისი, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს.

ფრიდონ ინჯიას მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიაზე მისი დაუსაბუთებელი თავდასხმები ნაკარნახევია სწორედ მისი და მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების ბიზნეს ინტერესებით, რომელთა მიმართაც კომისიის მხრიდან უკანასკნელი თვეების განმავლობაში კანონმდებლობის დარღვევის გამო, გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

რაც შეეხება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის საკითხს, კიდევ ერთხელ განვმარტავთ და შევახსენებთ ოპოზიციონერ დეპუტატს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს შესულ ცვლილებამდე, კანონის მე-2 მუხლის „ი" ქვეპუნქტი განსაზღვრავდა, რომ ამოწურვადი რესურსით (რადიოსიხშირული სპექტრითა და ნუმერაციის რესურსით) სარგებლობის საფასური სრულად უნდა ჩარიცხულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული ჩანაწერის არსებობა განპირობებული იყო ერთი მხრივ საფასურის, ხოლო მეორე მხრივ გადასახადისა და მოსაკრებლის განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმით. გადასახადი და მოსაკრებელი თავის თავშივე გულისხმობს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელ თანხას, ხოლო საფასურის მიმართ ასეთი დაშვება არ არსებობს და იგი გადაიხდება იმ ორგანოს ანგარიშზე, რომელიც გასცემს სარგებლობის უფლებას.

სწორედ აქედან გამომდინარე, თუ საფასურის გადახდა უნდა მოხდეს არა უფლების მიმნიჭებელი ორგანოს ანგარიშზე, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტში, მაშინ საჭიროა სპეციალური დათქმა, როგორც ეს იყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში 2017 წლის 23 დეკემბრის ცვლილებამდე. აღნიშნული ცვლილების შედეგად კი რადიოსიხშირულ სპექტრზე და ნუმერაციის რესურსზე გაუქმდა სანებართვო რეჟიმები, შესაბამისად, გაუქმდა სანებართვო მოსაკრებელი და დარჩა მხოლოდ სარგებლობის საფასური, თუმცა გაუქმდა დათქმა, რომლის თანახმადაც საფასური უნდა გადახდილიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კანონმდებლობით სხვა რამე არ იქნება დადგენილი, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური გადახდილ უნდა იქნას კომისიის ანგარიშზე.

ასევე შეგახსენებთ, რომ ნუმერაციის რესურსის საფასურისგან განსხვავებით ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურთან დაკავშირებით კვლავაც არსებობს დათქმა რომ იგი სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება" - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930