გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ ე.წ. ,,ყინწვისის" საქმეზე კიდევ 12 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

26-02-2021

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყოფილი მსჯავრდებულის, ზვიად კვარაცხელიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

ასევე პროკურატურამ ე.წ ,,ყინწვისის" საქმეზე კიდევ 12 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 სექტემბრის განაჩენით, ზვიად კვარაცხელია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული იქნა მსჯავრდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები. წარდგენილი ბრალდების თანახმად, ზვიად კვარაცხელიას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - ჰეროინის შეძენა-შენახვისათვის ედებოდა. ახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ჩატარდა ექსპერტიზები, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის დაიკითხნენ ზვიად კვარაცხელიას დაკავების შემსწრე მოწმეებიც, გამოვლინდა ახალი ფაქტები და მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები. მათი ანალიზი ცხადყოფს, რომ ზვიად კვარაცხელიას მხრიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდებოდა და მის დაკავებას შესაძლოა ჰქონოდა სამართალდამცველთა მხრიდან მიზანმიმართული დაინტერესება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შუამდგომლობით მიემართა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შესახებ. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ზვიად კვარაცხელიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

გარდა ამისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ე.წ. „ყინწვისის სპეცოპერაციის" საქმეზე თორმეტი ყოფილი მსჯავრდებულის, მამუკა ბესელიას, თეიმურაზ ცამბაიას, გიორგი აღაჯანაშვილის, გიორგი ბეროშვილის, ზურაბი და დავით ჩიტრეკაშვილების, ბადრი ჩიგოგიძის, ვარლამ ჩარკვიანის, ირაკლი ჩარბაძის, მიხეილ მაისურაძის, ბორის გურულის და ზურაბ გელაშვილის მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ ამ საქმეზე მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ამის საპირისპიროდ, ახალი გამოძიების შედეგად გამოიკვეთა მსჯავრდებულების უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები.

​საქმის გამოძიების პროცესში დადგენილ იქნა, რომ 2011 წლის 26 მაისს, დილის 10:00 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქ. თბილისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ,,ეროვნულ სარწმუნეობრივი მოძრაობა უფლისა და სამშობლოსათვის" წევრები და მათი ახლობლები, მამუკა ბესელია, თეიმურაზ ცამბაია, გიორგი აღაჯანაშვილი, გიორგი ბეროშვილი, ზურაბი და დავით ჩიტრეკაშვილები, ბადრი ჩიგოგიძე, ვარლამ ჩარკვიანი, ირაკლი ჩარბაძე, მიხეილ მაისურაძე, ბორის გურული და ზურაბ გელაშვილი. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში აღიარებითი და განთქმითი ჩვენებების მიღების მიზნით დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მათ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

2011 წლის 28 მაისს, ზემოაღნიშნულ პირებს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც არის შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით, ზემოაღნიშნული პირები ცნობილ იქნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი.

„პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით, მამუკა ბესელია, თეიმურაზ ცამბაია, გიორგი აღაჯანაშვილი, გიორგი ბეროშვილი, ზურაბი და დავით ჩიტრეკაშვილები, ბადრი ჩიგოგიძე, ვარლამ ჩარკვიანი, ირაკლი ჩარბაძე, მიხეილ მაისურაძე, ბორის გურული და ზურაბ გელაშვილი აღიარებული იქნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად.

ასევე აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ზემოხსენებული ფაქტის ერთ-ერთი ფიგურანტის, ნიკოლოზ გოგუაძის მიმართ დადგენილ იქნა კონვენციის მესამე მუხლის როგორც პროცედურული, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილის დარღვევა.

გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენით დადგინდა, რომ ე.წ. „ყინწვისის" საქმის სხვა ფიგურანტების, - ნიკოლოზ გოგუაძის, დავით შუკაკიძის, რამაზ ღვალაძის, ოლეგ კეშელავას, ჯემალ სურამელაშვილის, ბაქარ ჩიგოგიძის, მიხეილ ცილიკიშვილის, ზაზა გვიმრაძის, მახარე სისაურის, დავით თუთარაშვილის, ჯემალ გუნდიშვილის და ირაკლი ჩარბაძის მხრიდან სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სასამართლომ სრულად გაიზიარა მხარეთა პოზიციები და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა, რაც თავისთავად ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 100 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 83 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 18 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.

გარდა ამისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად 14 პირის მიმართ, რომელთაგან 12 ატარებდა პოლიტპატიმრის სტატუსს, დადგენილი იქნა უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტები, რის შედეგადაც უარი ითქვა სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე და აღნიშნულ პირთა მიმართ დადგენილი იქნა გამამართლებელი განაჩენები.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 405 პირი, რომელთაგან 293 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 56 150 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930