გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა ახვლედიანი დევნილ და გამყოფი ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა

26-02-2021

"თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ" - ამ სახელწოდებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა. სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გამყოფ ხაზთან მცხოვრებ და დევნილ სტუდენტებს შეხვდა და მოწვეულ ისტორიკოს ჯაბა სამუშიასთან ერთად საბჭოთა და მიმდინარე ოკუპაციის შესახებ დისკუსია-სემინარი გამართა. ახალგაზრდებთან შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მოეწყო ფოტოგამოფენაც ,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ". თეა ახვლედიანმა სტუდენტებთან ერთად დაათვალიერა როგორც საბჭოთა, ასევე მიმდინარე ოკუპაციის ამსახველი და ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალები. ღონისძიების დასასრულს თეა ახვლედიანი უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ოკუპაციის მუზეუმს ეწვია და უმაღლეს სასწავლებელს საჩუქრად გამოფენაზე გამოტანილი ფოტომასალები გადასცა.

"საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიებები სახელწოდებით - "თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ", როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ, ასევე გამყოფი ხაზის რეგიონებში. ახალგაზრდებთან, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ და დევნილ სტუდენტებთან ჩვენს მიერ მოწვეული ისტორიკოსის ბატონ ჯაბა სამუშიას მონაწილეობით, ჩვენ გავიხსენეთ საქართველოს ისტორიის 100 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები, მოხდა მათი შეფასება და გაანალიზება გორის უნივერსიტეტში ჩატარებული სემინარის ფარგლებში. ასევე ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ მიმდინარე რუსული ოკუპაციის შედეგად დღესდღეობით ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებზე.

ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო, რომ ოკუპაცია დროებითია, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით და გაერთიანებული ძალებით აუცილებლად შევძლებთ დავშალოთ ხელოვნური ბარიერები და აღმართული მავთულხლართები, რომლებიც დღემდე აშორებენ ომით გაყოფილ საზოგადოებებს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ერთიანი მიდგომით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე"- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930