გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ გაგუა: სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ რეიტინგის შენარჩუნება ადასტურებს, მთავრობის მიერ გატარებულ გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას

27-02-2021

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ რეიტინგის შენარჩუნება ადასტურებს, მთავრობის მიერ გატარებულ გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე შეუნარჩუნებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ეს ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საფრთხე არ ემუქრება ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას.

„როგორც სარეიტინგო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რელიზშია აღნიშნული, მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს გააჩნია გამორჩეული ინსტიტუციონალური გარემო. ამასთან, პოზიტიურად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ქვეყანამ დროულად მიიღო დაფინანსება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან. ამასთან აღნიშნულია, რომ საგარეო დაფინანსების მოპოვებამ, დადებითი წვლილი შეიტანა მთავრობის ვალის სტრუქტურაში, მისი საშეღავათო ხასიათიდან, მაღალი ვადიანობისა და დაბალი რისკიდან გამომდინარე," - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, მიუხედავად პერსპექტივის გაუარესებისა, (რომელიც ძირითადად, ტურიზმის გლობალური აღდგენის შესახებ სააგენტოს შეფასებას უკავშირდება) რეიტინგის შენარჩუნება ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევაა. მისი თქმით, მთავრობა კვლავაც ინარჩუნებს მიზანს - საქართველომ 2024 წლამდე მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი, რომლის მიღწევამდე 2 საფეხური დარჩა.

„სააგენტოს მიერ განსაზღვრული „ნეგატიური" პერსპექტივა, ძირითადად, გამოწვეულია გლობალურად, ტურიზმის აღდგენის შედარებით ნელი პერსპექტივიდან გამომდინარე. S&P Global-ის შეფასებით, ტურიზმის აღდგენა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, შედარებით ნელი ტემპებით მოხდება, ვიდრე ამას დასაწყისში ელოდნენ. ტურიზმის სწრაფი აღდგენის შემთხვევაში, რისი მაღალი მოლოდინიც ჩვენ გვაქვს, კომპანია გამოხატავს პერსპექტივის აღდგენის მზაობას," - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით, მაკროეკონომიკური სტაბილურობის კიდევ უფრო გაძლიერება, აისახება საკრედიტო რეიტინგებზე და საბოლოოდ, მიგვიყვანს საინვესტიციო რეიტინგამდე, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930