1-03-2021
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 7 პროექტისაგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი განიხილა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.
კანონპროექტი ორი მოსმენით განხილულია IX მოწვევის პარლამენტში და დღეს ის მესამე მოსმენით განიხილეს.
"მინდა შეგახსენოთ, რომ კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების თვალსაზრისით იმ ნაწილში, რომელიც გარემოსდაცვით მმართველობას, გარემოსდაცვით დემოკრატიას ეხება. კანონპროექტი შემუშავებულია ევროკავშირის დახმარებით, ე.წ. ტვინიგის პროგრამის ფარგლებში, რომელიც სამინისტროში ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამასთანავე მისასალმებელია, რომ კანონპროექტის განხილვის დროს სამინისტროს არაერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული, როგორც დაინტერესებულ პირებთან, ასევე კონკრეტულად ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელთათვისაც კანონპროექტიდან გამომდინარე გარკვეული ვალდებულებები ახლებურად წესრიგდება რაც ძალიან მნიშვნელოვანია", -განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.
კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" ითვალისწინებს შექმნას სამართლებრივი მექანიზმები გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით, შემოიღოს მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სამართლებრივი რეგულირება. კერძოდ, კანონის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება, „დამბინძურებელი იხდის" პრინციპის შესაბამისად.
„დამბინძურებელი იხდის" პრინციპი წარმოადგენს გარემოს დაცვის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს კანონისა და გულისხმობს ფიზიკური ან იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის ვალდებულებას, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი შემარბილებელი და გამასწორებელი ღონისძიებები და გაიღოს შესაბამისი ხარჯები ანდა აანაზღაუროს გარემოსთვის მიყენებული ზიანი. აღნიშნული პრინციპის საფუძველზეა აგებული მთლიანად გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ დირექტივა და გამომდინარეობს ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებიდან.
კანონპროექტი განსაზღვრავს კანონის რეგულირების სფეროს და გარემოზე ზიანის მიყენების იმ შემთხვევებს, რომლებზეც არ გავრცელდება კანონის მოქმედება. არეგულირებს ზიანის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებს, რამდენადაც დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ზიანის პრევენციის საკითხებს. შესაბამისად კანონპროექტს შემოაქვს ახალი მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს გარდაუვალი ზიანის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში ასეთი ზიანის დადგომის თავიდან აცილებას ან შერბილებას და სხვა რეგულაციებს.
საკითხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტთა პაკეტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვას იმ დათქმით, რომ 6 თვით გადავადდეს კანონპროექტის გარკვეული მუხლების ამოქმედების ვადა, რადგან ეს კანონქვემდებარე აქტების მიღებასთან არის დაკავშირებული და ასევე საჭიროა სამინისტრო მოემზადოს კანონის ეფექტიანად აღსრულებისთვის.