7-03-2021
გასული წლის IV კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით გაიზარდა და 20.4 პროცენტი შეადგინა.
სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) კი შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.0 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამუშაო ძალის აქტიურობის დონე შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე, 2.3 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში, 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში, შემცირებულია 2.2 პროცენტით.
დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 2.4 და 2.3 პროცენტული პუნქტით.
საქსტატის ცნობითვე, 2020 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 1.0 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში 4.7 პროცენტული პუნქტით.